„არ გამოვრიცხავ, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ საქმე აღიძრას“

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ირაკლი ალასანიას შესაძლო სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაზე ისაუბრა.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის გუნდის წევრმა არ გამორიცხა, რომ ალასანიას ბრალი წაუყენონ.
„საერთოდ არ შეიძლება არაფრის გამორიცხვა, მათ შორის არც იმის, რომ ირაკლი ალასანიას ბრალი წაუყენონ. დაველოდოთ, დრო გვიჩვენებს ყველაფერს“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, რის გამოც, სასამართლო პროცესი დახურული იყო. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ხუთივე დაკავებულს თავდებად უდგებოდნენ თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები. თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, აღნიშნულ შესყიდვას „საიდუმლო“ გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
აღნიშნული ფაქტი ირაკლი ალასანიამ პოლიტიკურ ზეწოლად და ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ გალაშქრებად შეაფასა. ალასანია პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები