პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და GIZ-ის ერთობლივი პრეზენტაცია

საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე მოწვეულთ მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიმართა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის წინ საბიუჯეტო, ფისკალურ და ფინანსურ საკითხებზე პარლამენტის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა პრიორიტეტად გამოცხადდა და ამ მიმართულებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი და პარლამენტის წევრები აქტიურად მუშაობენ, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი იმ სტანდარტების სახელისუფლებო სისტემის ჩამოყალიბებისთვის, რომლის ამბიციაც საქართველომ განაცხადა.
„ხმამაღლა გამოავლინდა ეს ამბიცია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ეს შეთანხმება ძალიან ბევრი მიმართულებით ძალიან სერიოზული სამუშოების ჩატარებას მოითხოვს. ერთ-ერთი პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის საჯარო ფინანსების, ბიუჯეტის უკეთ დაგეგმვის, უფრო ეფექტიანი მოხმარების და ამ პროცეში სათანადო საჯარო სამსახურების და უწყებების, მათ შორის პარლამენტის როლის მნიშვნელოვანი და მკვეთრი გაზრდა“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე განცხადებით, ამ პროცესში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მოიაზრება.
„თავიდან ჩანაფიქრი იყო, რომ პარლამენტის ქოლგის ქვეშ შექმნილიყო მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული რაც შეიძლება დამოუკიდებელი, ავტონომიური სტატუსის მქონე ქვედანაყოფი ფისკალური ინსტიტუტი, რომელიც ოპერატიულად და ხარისხიანად მოამარაგებდა პარლამენტის წევრებს საჭირო რეკომენდაციებით, შენიშვნებით, ანალიზით არა წელიწადში ერთხელ, როდესაც ბიუჯეტის განხილვა ხდებოდა პარლამენტში, არამედ რეგულარულად და საერთოდ, მთელი წლის განმავლობაში საბიუჯეტო პროცესის არსებობას შეუწყობდა ხელს საქართველოს პარლამენტში“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს.
დავით უსუფაშვილის თქმით, საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა, გიორგი ჯერენაშვილმა, გუნდთან ერთად, სტრატეგიული განვითარების გეგმა მოკლე ვადაში წარმოადგინა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ საბიუჯეტო ოფისი და მისი ხელმძღვანელი მაქსიმალურად იყვნენ დაცული პოლიტიკური კონიუქტურისგან.
„აუცილებელია ისეთი ქვედანაყოფებისა და სტრუქტურების არსებობა ქვეყანაში, რომელიც პასუხს არ აგებს დღევანდელი ხელისუფლების შეცდომებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ თავისუფლება, რათა ღიად, თამამად, ყოველგვარი ანგარიშგაწევების გარეშე, თქვან ის, რაც სათქმელია, რაც ჩანს, რაც დაინახეს, რაც დაითვალეს, რაც გამოავლინეს, რისი ტენდენციაც გამოიკვეთა და ამაზე პასუხი უნდა ვაგოთ მათ, ვინც გადაწყვეტილებებს ვიღებთ. აი, ეს დამოკიდებულება და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, ჩვენ, პარლამენტის წევრებს, გააზრებული გვაქვს და სრულიად შეგნებულად ვთხოვთ საბიუჯეტო ოფისს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები