უპარტიო, დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია საპარლამენტო უმრავლესობას უერთდება

უპარტიო, დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია საპარლამენტო უმრავლესობას უერთდება, – ამის შესახებ განცხადება ფრაქციამ გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათი გაერთიანებით ყალიბდება 87-კაციანი საპარლამენტო უმრავლესობა და ქვეყანას არ დაემუქრება გაუთვალისწინებელი პოლიტიკური რყევები.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ვართ უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები და ვაცხადებთ, ვუერთდებით საპარლამენტო უმრავლესობას შემდეგი მოსაზრებების გამო – ქვეყნის წინსვლას სჭირდება მყარი და არა მყიფე უმრავლესობა. ჩვენი გაერთიანებით ყალიბდება 87-კაციანი საპარლამენტო უმრავლესობა და ქვეყანას არ დაემუქრება გაუთვალისწინებელი პოლიტიკური რყევები, რამაც შეიძლება ვადამდელი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გამოიწვიოს. ვფიქრობთ, რომ ამდენი არჩევნები დროის მოკლე პერიოდში პირდაპირ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას, წინსვლასა და საერთაშორისო იმიჯს“, – ნათქვამია უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების განცხადებაში, რომლის შემადგენლობაში 6 დეპუტატი: კახა ოქრიაშვილი, გიორგი გოზალიშვილი, გოდერძი ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, ენველ მკოიანი და სერგო ხაბულიანი შედიან.
ამასთან, როგორც უკვე ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობას უერთდება დეპუტატ გოგა ენუქიძის მიერ ყოფილი „ნაციონალებიდან“ შექმნილი მაჟორიტარების ახალი, 6-კაციანი ფრაქცია, სახელწოდებით „დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები