გია ხუხაშვილი: ალასანიას პარტია „ნაციონალებს“ ელექტორატს ვერ წაართმევს
ე ქსპერტი გია ხუხაშვილი სკეპტიკურად უყურებს, იმ საკითხს, რომ შესაძლებელია პარტიამ „თავისუფალი დემოკრატები“ „ნაციონალურ მოძრაობას” ელექტორატი წაართვას, – ამის შესახებ გია ხუხაშვილმა „კვირას“ იმ საკითხის კომენტირებისას განუცხადა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ “ჩასაძირად”, ხელოვნურად შეიქმნა.
„სიმართლე რომ გითხრათ, ვერ ვხედავ საზოგადოებაში მათ ელექტორატს. თუ ჩვენ ელექტორატს ოთხ ნაწილად დავყოფთ – ხელისუფლების მხარდამჭერები, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები, რადიკალური პარტიები, რომლებიც ანტინაციონალებად შეიძლება მივიჩნიოთ, ყველაზე დიდი სეგმენტი მაინც არის, ჩამოუყალიბლები, რომლებსაც არც ხელისუფლება და არცერთი ოპოზიცია არ მოსწონთ, რომლებიც ორიენტირებულები არიან უფრო სოციალ-ეკონომიკურ პრობლემატიკაზე, სწრაფ რეფორმებზე და ასე შემდეგ… მე, ვერცერთ ამ სეგმენტში ვერ ვხედავ „თავისუფალ დემოკრატებს“ რა შეუძლიათ წაიღონ სხვა პარტიებისგან? ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ელექტორატს წაართმევენ, მე სკეპტიკურად ვუყურებ, ხელისუფლებიდან ვინმე წაიყვანონ, ესეც ძალიან საეჭვოა. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ პროდასავლურობას გულისხმობენ, ეს სეგმენტი ხელისუფლებაში ძალიან ძლიერია“ – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ რიგით მესამე ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ალასანია აირჩიეს. დღემდე, პარტიის თამჯდომარის პოსტს ირაკლი ქადაგიძე იკავებდა.