ირაკლი ალასანიამ „ქართულ ოცნებას“ მადლობა გადაუხადა
„ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ის რაც ძველად იყო, გაუტანლობა და სიძულვილი ჩვენ არასდროს არ უნდა ავიღოთ იარაღად“, ასე მიმართა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ პარტიის რიგით მესამე ყრილობაზე დამსწრე საზოგადოებას.
როგორც ირაკლი ალასანიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იგი მადლიერებას გამოთქვამს იმ საქმიანი ურთიერთობისთვის, რომელიც მას კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ აკავშირებდა.
„ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ იმ ორი წლის, რომელიც გავატარეთ, ჩვენ კოალიციისთან ერთად. ის გაჭირვება სისასტიკე, შემდეგ გამარჯვება და გამარჯვებასთან ერთად ყოველდღიური მუშაობა, რომელიც პარლამენტში თუ მთავრობასთან ერთად მიდიოდა, იყო ჩემთვის ძალიან დიდი პატივი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ. არ გამოვყოფ არავის, მაგრამ იცოდეთ, რომ როდესაც მოგვინდომებია და საზოგადოება შეკრულა, შედეგიც დამდგარა. დღეიდან ჩვენ ახალ პოლიტიკურ სივრცეში გადავდივართ. „თავისუფალმა დემოკრატებმა“, როგორც ოპოზიციურმა ძალამ, არ უნდა მივცეთ მოსვენება არც ხელისუფლებას და არც სხვა ინსტიტუტებს, რომლებიც გადაუხვევენ ხალხის სამსახურიდან, მაგრამ ასევე ვიქნებით სრულად მხარდამჭერები, ყველასი, ხელისუფლების, თუ ხელისუფლების გარეთ, ვინც უერთგულებს საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას წაიყვანს იმ მიმართულებით, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს დემოკრატიული, თავისუფალი, დაცული სახელმწიფო შენებისკენ. ამაში, არ არსებობს ასაკობრივი განსხვავება, თაობებს შორის განსხვავება, ჩვენ ყველა ერთად უნდა შევკრათ და უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც ძველად იყო გაუტანლობა და სიძულვილი, ჩვენ არასდროს არ უნდა ავიღოთ იარაღად“, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.