„საგარეო საქმეთა მინისტრობას სალომე ზურაბიშვილს შევთავაზებდი“
ექსპერტი სოფიო ხორგუანი ხელისუფლებას გადაწყვეტილებების გამჭირვალედ მიღებისკენ და საჯაროობისკენ მოუწოდებს. როგორც ხორგუანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის ვაკანტურ თანამდებობაზე ადამიანის დანიშვნისას, სასურველია მმართველმა გუნდმა საზოგადოების გარკვეული ჩართულობა უზრუნველყოს.
ხორგუანი ქვეყნის პირველ დიპლომატად, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს სალომე ზურაბიშვილს მოიაზრებს.
„ თავად ხელისუფლებისთვის იქნება კარგი თუ იმოქმედებენ გამჭირვალედ და საზოგადოებას მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში მონაწილეობა შეეძლებათ. პირადად მე გეტყვით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს სალომე ზურაბიშვილს შევთავაზებდი. შეიძლება ეს უცხო იყოს კოალიციური მმართველობისთვის და თვლიდნენ რომ მინისტრი აუცილებლად კოალიციის შიგნით შემავალი პარტიიდან უნდა იყოს, მაგრამ მე ასე არ მგონია. ვფიქრობ რომ ხელისუფლებამ ასეთ თანამდებობაზე დანიშვნისას აქცენტი სწორედ თავისუფალ და პროფესიონალ ადამიანებზე უნდა გააკეთოს. ეს არჩევანი იქნება სწორი და გამართლებული“- განაცხადა სოფიო ხორგუანმა.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, დაკავებული თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.