დავით საგანელიძე იმედოვნებს, რომ საქმე ირაკლი ალასანიას დაკავებამდე არ მივა
იგეგმება თუ არა ირაკლი ალასანიას დაკავება, ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი, აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
მისივე თქმით, ის ე.წ. კაბელების საქმეზე მხოლოდ იმ მასალებს იცნობს, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა.
“ირაკლი ალასანიას საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამართულ პირველ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაისვა ბატონი ირაკლის მიმართ კითხვები იმ მასალებიდან, რომელიც იმ დროისთვის გასაჯაროებული ჰქონდა პროკურატურას. იქ იყო დეტალები, როგორ მოხდა ტენდერის გამოცხადება, როგორ შეიცვალა პირობები. მიუხედავად იმისა, რომ როგორც პარლამენტის წევრს მაქვს უფლება მოვითხოვო პროკურატურისგან გარკვეული მასალები და მას გავეცნო, მიუხედავად იმისა, რომ როგორც პარლამენტის წევრს მაქვს უფლება ის მასალებიც მოვითხოვო, რომელსაც გრიფი საიდუმლო ადევს, არ მისარგებლია ჩემი უფლებებით. ჩემთვის ის მასალებიც, რომლებიც პროკურატურამ გაასაჯაროვა, საკმარისი იყო იმისთვის, რომ კითხვები გამჩენოდა”, – განაცხადა საგანელიძემ.