“ირაკლი ალასანია ყოველთვის იმ პოლიტიკას ატარებდა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენა შეეძლო“
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ირაკლი ალასანია “ნაციონალურ მოძრაობასთან“ მუდმივად თანამშრომლობდა. როგორც ბურჯანაძემ “ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ საუბრისას აღნიშნა, ალასანიას აღნიშნულ პარტიასთან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც ჰქონდა ფარული კავშირი. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, მას ამის დამადასტურებელი ფაქტებიც აქვს.
“მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ალასანია “ნაციონალურ მოძრაობასთან ყოველთვის თანანამშრომლობდა. პოლიტიკაში მოსვლის დღიდან, მისი მხრიდან იყო ფარული თანამშრომლობა, მაგრამ დაკვირვებული თვალისთვის საკმაოდ შესამჩნევი. ამის კონკრეტული ფაქტებიც მაქვს და ლოგიკურადაც მისახვედრია. ირაკლი ალასანია ყოველთვის იმ პოლიტიკის გამტარებელი იყო, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენა შეეძლო.
2009 წელს, როცა სრუალიად ოპოზიცია სააკაშვილთან შეხვედრის და დიალოგის წინააღმდეგი იყო, დიალოგის ინიციატორი სწორედ ალასანია იყო, ეს დიალოგი უშედეგოდ დამთავრდა და ბუნებრივია, ასეც იქნებოდა. იმ პერიოდში, როცა ოპოზიცია და ასიათასობით ადამიანი სააკაშვილის და მისი გუნდის გადადგომას მოითხოვდა, სააკაშვილის მხრიდან ალასანიას და მისი გუნდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე დათანხმება მოხდა, რამაც სიტუაცია განმუხტა“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.