„მინისტრების გადადგომამ ქვეყნის ევროპული კურსის ტემპის შემცირება გამოიწვია“

მინისტრების გადადგომამ ქვეყნის ევროპული კურსის ტემპის შემცირება გამოიწვია, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ელჩებისთვის ცოტა გაუგებარია, რა ხდება და ისინი კითხვებს სვამენ როგორც კურსთან დაკავშირებით, ისე ხელისუფლებაში განვითარებულ მოვლენებზე.
“დღეს “თავისუფალი დემოკრატების” მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯმა და მათმა განცხადებებმა, რომლებსაც ვთვლი, რომ იყო ნაჩქარევი და ემოციურ ფონზე გაკეთებული, თითქოს ქვეყნის მიმართულება იცვლება და საფრთხეშია, უამრავი კითხვა გააჩინა გარეთ, თუ რა ხდება საქართველოში, რატომ ხდება ასეთი მოვლენები. ჩვენ დღესაც, ხვალაც და კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში მოგვიწევს იმის ახსნა, თუ რა მოხდა. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ელჩებთან და ჩვენს სტუმრებთან, რომელთათვისაც ცოტა გაუგებარია, რა ხდება და რატომ ხდება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, მინისტრების გადადგომამ ქვეყნის ევროპული კურსის ტემპის შემცირება გამოიწვია.
“ქვეყნის კურსი არ იცვლება. მაგრამ ერთია კურსი არ შეცვალო, მეორე – რა ტემპით მიდიხარ იმ დასახული ამოცანებისკენ. ფაქტია, რომ ჩვენ ტემპი შეგვიმცირდა რადგან გამოგვაკლდა ხალხი, რომლებიც ამ საქმეს მიჰყვებოდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება ხალხი, რომელიც ამ საქმეს გააგრძელებს. მეორე მხრივ ტემპი შეჩერდა მათი განცხადებებით, იმ ადამიანების განცხადებებით, ვინც იყო კონტაქტში მთელ დანარჩენ სამყაროსთან”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები