დავით საგანელიძე: ალასანია მისი განცხადების შემდეგ თანამდებობაზე არ უნდა დარჩენილიყო

მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადებები მას თანამდებობაზე დარჩენის უფლებას არ აძლევდა.
„მიმაჩნია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი უწყების, როგოროც თავდაცვის სამინისტროა, პირველი პირი უნდა იყოს გუნდის წევრი, რომელიც აბსოლუტურად სწორად უნდა აფასებდეს, რა მოხდა სამინისტროში, პროკურატურას გვერდში უნდა ედგას და მათთან ერთად ამ საკითხს იძიებდეს. ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს, ამიტომ არ იქნება მართებული მისი მინისტრად დარჩენა“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ.
ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ალექსი პეტრიაშვილი სწორად მოიქცა, როდესაც გაკეთებული განცხადების შემდეგ თანამდებობა დატოვა. საგანელიძის თქმით, ვინაიდან პარტიის ლიდერები მიდიან, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვებს უმრავლესობას.
„ალექსი პეტრიაშვილი სწორად მოიქცა იმ განცხადების მერე, რაც მან გააკეთა, რა თქმა უნდა, ის არ უნდა იყო მთავრობის წევრი. ვინაიდან ამ პარტიის ლიდერები მიდიან, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ფრაქცია დატოვებს უმრავლესობას, მე გული დამწყდება, მათ კარგად უნდა გააანალიზონ, სად არის პოლიტიკა და სწორი მართვა“,- განაცხადა საგანელიძემ.
როგორც საგანელიძე აცხადებს, “რესპუბლიკელები” ალასანიას თანამდებობიდან გადაყენების მომხრეები იყვნენ.
„რესპუბლიკელების“ პოზიცია იყო სუფთა ტექნიკური ხასიათის, თორემ შინაარსობრივად „რესპუბლიკელების“ ყველა წევრი დაეთანხმა იმას, რომ ამ განცხადებების მერე მინისტრი არ უნდა იყოს“, – განაცხადა საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები