„არ გამოვრიცხავ, რომ ირაკლი ალასანიას ბრალი წაუყენონ“
„ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია, რომ ირაკლი ალასანიას პროკურატურამ ბრალი წაუყენოს“,- აღნიშნული განცახადება „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს“ წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, პრემიერის განცხადება, სადაც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მას ალასანიასთან გარკვეული კითხვები აქვს, ერთგვარ მინიშნებადაც შეიძლება იყოს აღქმული.
„თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში მოპასუხე მხარე აღმოჩნდება ალასანია. ის აუცილებლად დაიკითხება, როგორც მოწმე. დაკითხვის და საქმის უფრო ღრმად გამოძიების შემდეგ რა სამართლებრივი რეგულაცია მიეცემა ამ ყველაფერს, ამის პროგნოზირება ძნელია, თუმცა გამორიცხული არ არის, მას ბრალი წაუყენონ. ამის ერთგვარი მინიშნება იყო ირაკლი სესიაშვილისა და ღარიბაშვილის განცხადებაში, სადაც პრემიერი საუბრობდა, რომ ალასანიასთან კითხვები აქვს“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, რის გამოც, სასამართლო პროცესი დახურული იყო. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ხუთივე დაკავებულს თავდებად უდგებოდნენ თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები. თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, აღნიშნულ შესყიდვას „საიდუმლო“ გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
აღნიშნული ფაქტის შემდგომ გუშინ პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს კიდევ რამდენიმე თანამშრომელი დააკავა. რაც ირაკლი ალასანიამ პოლიტიკურ ზეწოლად და ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ გალაშქრებად შეაფასა. ალასანია გუშინვე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.