თავდაცვის სამინისტროში ნათესაური კავშირებით მოგებული ტენდერები – რა ფაქტებით დაინტერესებას სთხოვს გამოძიებას უფლებადამცველი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილი, თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული და უწყების მაღალჩინოსნების ნათესავების მიერ მოგებული ტენდერების შესახებ საუბრობს.
როგორც საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას არჩილ კაიკაციშვილმა განმარტა, გარდა სამინისტროს მიერ „სილქნეტთან“ დადებული ხელშეკრულებისა, არის სხვა ბუნდოვანი ტენდერებიც, რომელიც კითხვას აჩენს და რომელთა მიმართაც გამოძიება უნდა დაიწყოს. მისი განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს, მათ მფლობელებსა და თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებს შორის ხშირად სახეზე ჩნდება ახლო ნათესაური კავშირები, რის გამოც, კაიკაციშვილის განცხადებით, გამოძიება ტენდერების მიმართულებით სამომავლოდაც უნდა დაინტერესდეს.
უფლებადამცველმა კომპანია „სილქნეტი“ სიცრუეში დაადანაშაულა და კომპანიის კომერციული დირექტორის ბაჩო ჩინჩალაძისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბატიაშვილის ახლო ნათესაურ კავშირზე და ხელშეკრულების გაფორმების დროს თავდაცვის მინისტრის მოადგილის შესაძლო როლზე ისაუბრა.
„სილქნეტის“ კომერციული დირექტორის ბაჩო ჩინჩალაძის დედა, ქალბატონი თამარ ბატიაშვილი არის მინისტრის მოადგილის ალექსი ბატიაშვილის ბიძაშვილი. ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ „სილქნეტის“ წარმომადგენლების მხრიდან. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კომპანიამ თავის პირველ განცხადებაში აღნიშნული ფაქტი უარყო, მიუთითა, რომ ბატონი ალექსანდრე ბატიაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა 2013 წლის 23 ნოემბრიდან, მაშინ, როდესაც ტენდერი აღნიშნულ სადენებთან დაკავშირებით სამინისტროში 2013 წლის აგვისტოში გამოცხადდა და სექტემბერში დასრულდა. შესაბამისად, ის თუნდაც ნათესაურ კავშირში ყოფილიყო კომერციული დირექტორის ბაჩო ჩინჩალაძის ოჯახთან, მას არ ჰქონდა იმჟამად ლეგიტიმური უფლებამოსილება, რომ რაიმე ფორმით მონაწილეობა მიეღო აღნიშნულ ტენდერში. თუმცა ჩვენ ვხედავთ, პროკურატურამ მიუთითა, რომ სატენდერო ხელშეკრულება სწორედ ალექსანდრე ბატიაშვილის ხელმოწერილია. „სილქნეტმა“ მოიტყუა. ჩნდება კითხვა, ამ ნათესაურმა ურთიერთობებმა ხომ არ მოახდინა რაიმე სახის სუბიექტური გავლენა ტენდერის მომზადების დროს ჯერ პირობების ჩამოყალიბების თვალსაზრისით, შემდგომ კი ხელშეკრულების იმგვარად ფორმირებაში, რომელიც შესაძლებელია ხელსაყრელი აღმოჩენილიყო ორივე მხარისთვის“, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარემ, გარდა ეწ. კაბელების საქმისა, თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ჩატარებული სხვა ტენდერების შესახებაც ისაუბრა, სადაც, მისივე თქმით, გამარჯვებული მინისტრთან ირაკლი ალსანიასთან დაახლოებული პირი და მისი კომპანია აღმოჩნდა.
„ ნათესაური კავშირები და თავდაცვის სამინისტროს ტენდერები ერთ-ერთი საყურადღებო საგანია. გამოძიება ამ მიმართულებით სამომავლოდაც უნდა დაინტერესდეს. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ არაერთი განცხადება გააკეთა, ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებული პირების კომპანიებზე, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს მნიშვნელოვანი ტენდერების გამარჯვებული კომპანიებია. მაგალითად, ქალბატონი თამარ ვალიშვილი, რომელიც მინისტრთან დაახლოებული პირია. ის ფლობს არქიტექტურულ ბიუროს, რომელმაც 2013 წელს თავდაცვის სამინისტროში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, შეკვეთა მიიღო და განახორციელა. ეს კომპანია, ძირითადად, საცხოვრებელი კორპუსების რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტების მიმართულებით მუშაობს. ხომ არ ხდება ისე რომ თავდაცვის სამინისტროში ტენდერების თემა ნათესაური კავშირებიდან გამომდინარე ყალიბდება? ამას მოწმობს თამარ ვალიშვილის კომპანიის არქიტექტურული ბიუროს შემთხვევაც, რომელმაც თავდაცვის სამინისტროსთან სატენდერო პროცესის შედეგად 2013 წელს ორი ტენდერი მოიგო და მთლიანობაში 29 000 ლარზე მეტი მიიღო“,- განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები