პროკურატურა: „საიდუმლო“ გრიფის მოხსნაზე უფლებამოსილი თავდაცვის მინისტრია
საქართველოს მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს მიერ დაკავებული თანამშრომლების საქმის ნაწილობრივ გასაიდუმლოების მოთხოვნასთან დაკავშირებით გაკეთებულ მიმართვას სპეციალური განცხადებით პასუხობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სწორედ თავდაცვის მინისტრი ან მისი მოადგილეა უფლებამოსილი ხსენებულ დოკუმენტებს მოხსნას საიდუმლო გრიფი და არა საქართველოს პროკურატურა. როგორც უწყებაში განმარტავენ, მათთვის ამ ფონზე გაუგებარია თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, საიდუმლო გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით. „კვირა“ პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განმარტება გავაკეთოთ საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, სახელმწიფო კუთვნილი 4 102 872.6 ლარის გაფლანგვის ფაქტზე, საიდუმლო გრიფის არსებობის მიზეზებთან დაკავშირებით.
ერთადერთი მიზეზი, რომ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი, არის ის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თავის დროზე გამოძიებისთვის საინტერესო ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვას თვითონ მიანიჭა გრიფი საიდუმლო, ასევე თავდაცვის სამინისტროს მიერ გრიფი საიდუმლო მიენიჭა ამ შესყიდვასთან და შემდომ სს „სილქნეტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს. აქვე გავნმარტავთ, რომ საიდუმლო გრიფის მინიჭების უფლებამოსილება თავდაცვის სამინისტროში აქვს მხოლოდ მინისტრს და მის მოადგილეს.
,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს, ინფორმაციისთვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი ორგანიზაცია, ანუ ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო. შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს განცხადებები თითქოსდა საიდუმლო გრიფი ამ მასალებს საქართველოს პროკურატურამ მიანიჭა და განზრახ არ ხსნის ამ მასალებს საიდუმლო გრიფს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას. საზოგადოების საყურადღებოდ კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ სწორედ თავდაცვის სამინისტრომ მოახდინა ხსენებული შესყიდვის გასაიდუმლოება, რომლითაც 2 618 004 ლარის ღირებულების ქონება და მომსახურება შეისყიდა 6 720 877 ლარად, რითაც გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 872.6 ლარი. ამავდროულად, საქართველოს პროკურატურის მიერ გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველყოფისა და საზოგადოების მაქსიმალურად სრულად ინფორმირების მიზნით, საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წინასწარი წერილობითი დასტურით გასაჯაროვდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც არ მოახდენდა სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას.
მთავარი პროკურატურა როგორც გამოძიების საწყის ეტაპზე, ახლაც მზად არის ხსენებული დოკუმენტაციისათვის გრიფი საიდუმლოს მოხსნის შესაძლებლობის შესწავლის მიზნით, მოთხოვნის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები და დოკუმენტაცია მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სწორედ თავდაცვის მინისტრი ან მისი მოადგილეა უფლებამოსილი ხსენებულ დოკუმენტებს მოხსნას საიდუმლო გრიფი და არა საქართველოს პროკურატურა. შესაბამისად მოვუწოდებთ თავდაცვის სამინისტროს, შეწყვიტონ პოლიტიკური სპეკულაციები და სანამ ვინმეს უსაფუძვლოდ გადააბრალებენ გარკვეულ ქმედებას, მოვუწოდებთ გაერკვნენ სამართლებრივ პროცედურებში, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მათთვის უხერხული და სამართლებრივად შეუსაბამო განცხადებების გაჟღერება.
ამდენად, გაუგებარია თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, საიდუმლო გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით, მითუმეტეს, რომ ხსენებული დოკუმენტაცია ეხება საქართველოს სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გასაიდუმლოებულია თვით თავდაცვის სამინისტროს მიერ და ამ საიდუმლო ინფორმაციის დაცვა მათი ვალდებულებაა.
საქართველოს პროკურატურა სრულ მზადყოფნას გამოთქვამს კომპეტენტური ორგანოს – შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად საიდუმლო გრიფის მიმნიჭებელი ორგანოს – თავდაცვის სამინისტროს მიერ მისი მოხსნის შემთხვევაში, მოახდინოს საქმეში არსებული მტკიცებულებების გასაჯაროება“, – აღნშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.