გაერო-ს პროგნოზი: 2030 წლამდე დედამიწაზე რეკორდული სიცხე დაფიქსირდება

2030 წლისთვის, კლიმატური კრიზისის გაუარესების ფონზე, მსოფლიო შეიძლება კიდევ ერთ რეკორდულად ცხელ წელს შეხვდეს,- ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, არსებობს 86%-იანი შანსი, რომ 2026-დან 2030 წლამდე სულ მცირე ერთი წელი უფრო ცხელი იყოს, ვიდრე 2024 წელი, რომელიც ამჟამად დაფიქსირებულ ყველაზე ცხელ წლად ითვლება.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ არსებობს 75%-იანი შანსი, რომ 2026-2030 წლებში საშუალო გლობალური ტემპერატურა ინდუსტრიამდელ დონესთან შედარებით 1.5 გრადუს ცელსიუსზე მეტით მოიმატებს.

ანგარიშის ავტორები კლიმატური კრიზისის გაუარესებას წიაღისეული საწვავისგან ნახშირორჟანგის გამოყოფის მუდმივ ზრდას უკავშირებენ.

მეცნიერების შეფასებით, გლობალური დათბობა უკვე იწვევს ერთ სიკვდილს ყოველ წუთში და ეს მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს, თუ ემისიები სწრაფად არ შემცირდება.

კლიმატის საკითხებში გაერო-ს ხელმძღვანელმა, საიმონ სტილმა, ევროპაში მიმდინარე სიცხის ტალღა კლიმატის კრიზისის შედეგების „მკაცრი შეხსენება“ უწოდა.

„მსოფლიოს სხვა მრავალი ნაწილიც სერიოზულად დაზარალდა, მათ შორის ინდოეთი და აზიის სხვა ნაწილები“, – აღნიშნა მან.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ 1.5 გრადუსით დათბობის ზღვარის გადაჭარბებამ შეიძლება კიდევ უფრო დამანგრეველი სიცხეები, გვალვები, შტორმები და წყალდიდობები გამოიწვიოს და საზოგადოებისთვის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია გაართულოს.

ანგარიშის მიხედვით, მომდევნო ხუთი ზამთრის განმავლობაში არქტიკაში ტემპერატურა ბოლოდროინდელ მაჩვენებელთან შედარებით საშუალოდ 2.8 გრადუსი ცელსიუსით მაღალი იქნება, რაც ნიშნავს, რომ რეგიონი გლობალურ საშუალო ტემპზე სამჯერ სწრაფად გათბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები