ირაკლი კირცხალია – მე რომ ვყოფილიყავი საორგანიზაციო საქმიანობაში ჩართული, დამერწმუნეთ, ნამდვილად არ გავუგზავნიდი გერმანიის ელჩს მოსაწვევს
“მე რომ ვყოფილიყავი საორგანიზაციო საქმიანობაში ჩართული, დამერწმუნეთ, ნამდვილად არ გავუგზავნიდი გერმანიის ელჩს მოსაწვევს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კარგად ახსოვს საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ღირსების შემლახავი, შეურაცხმყოფელი უამრავი რეზოლუცია.
„კარგად გვახსოვს ბაიდენის ადმინისტრაცია და ის ჯგუფები კონგრესში, რომლებიც გააქტიურდნენ 2022 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ – შეურაცხმყოფელი განცხადებები, ჩვენი ქვეყნის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ღირსების შემლახავი შეურაცხმყოფელი უამრავი რეზოლუცია. ჩვენ გვახსოვს „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელის რომანტიზება, გვახსოვს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების წინასაარჩევნო კამპანიაში ღია ჩართვა, ჩვენ გვახსოვს ყველა ის, დღეს მოქმედი თუ აწ ყოფილი თანამდებობის პირი, ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი, ანტისამთავრობო მიტინგებზე და წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულები და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარეს. ამ ყველაფრის შემდეგ, თქვენ კითხვა გიჩნდებათ ადამიანები, რომლებიც ასევე ერთ-ერთი შემოქმედნი არიან იმ დესტრუქციული გეგმების თუ სქემების, რომლებიც აქ ჩამოდის, რატომ არ ესწრება რეალურად დამოუკიდებელი ქვეყნის ყველანაირი გავლენისგან გათავისუფლებული ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს?! ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. მზად ვართ ნებისმიერ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობისთვის, მხოლოდ და მხოლოდ ღირსეულ პატრიოტულ საწყისებზე. საორგანიზაციო საკითხებში ნამდვილად არ ვარ ჩართული. მე რომ ვყოფილიყავი საორგანიზაციო საქმიანობაში ჩართული, დამერწმუნეთ, ნამდვილად არ გავუგზავნიდი გერმანიის ელჩს მოსაწვევს. ამას გულწრფელად გეუბნებით და სრული ობიექტურობით, იმიტომ, რომ ეს ადამიანი და ეს ადამიანები გასცდნენ არა მხოლოდ დიპლომატიურ ღირებულებებს, ვენის კონვენციას, არა მხოლოდ ფეხქვეშ გათელეს მასპინძელი ქვეყნის ღირსება და ყველაფერი, რაც მათ ვენის კონვენციით აქვთ დაკისრებულ, არამედ პირდაპირ და ღია შეურაცხყოფაზე გადადიან და წლებია გამოდიან ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ. მე რომ მეხებოდეს, კონკრეტულად, ირაკლი კირცხალიას, ნამდვილად არ გავუგზავნიდი გერმანიის ელჩს მოსაწვევს და არც ნებისმიერი იმ ქვეყნის ელჩს, რომელიც გამოდის და ღიად ამბობს, რომ თურმე საწვავის ფასი თუ არის თავის ქვეყანაში 5-ჯერ გაზრდილი და თავის მოსახლეობა ვერ ასხამს საწვავს, საქართველოც უნდა იტანჯებოდეს მათთან ერთად. და აქ თუ შევინარჩუნეთ ეკონომიკური მაჩვენებლები, არა! თურმე ჩვენი ქვეყანაც უნდა იტანჯებოდეს მათსავით. როგორ ვაღიარო, რომ ეს ადამიანი წარმოადგენს ღირსეულ ინტერესებს ღირსეულიო პარტნიორი ქვეყნის“, – განაცხადა კირცხალიამ.