დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებს ფოთში მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა

26 მაისს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი კონცეფციით „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს – სიყვარული გვაერთიანებს“ იმართება.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ქალაქ ფოთში, ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობას სთავაზობს.
დაცული ტერიტორიების სააგენტო რამდენიმე თემატიკით არის წარმოდგენილი – შემეცნებითი, გასართობი, კულტურული და საგამოფენო. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სტუმრებს საქართველოს უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალური მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ; წარმოდგენილია საქართველოს დაცული ტერიტორიების და ეროვნული პარკების საინფორმაციო სტენდები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში საერთაშორისო მნიშვნელობის არაერთი დაცული ტერიტორიაა წარმოდგენილი.
მთელი დღის განმავლობაში, ფოთის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, საბავშვო-გასართობი აქტივობები, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-ბაზრობა.
17:10 საათზე, იმ დროს, როდესაც 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება. საზეიმო ღონისძიებები გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ასევე წარმოდგენილია ქალაქებში – ამბროლაური და რუსთავი. ამბროლაურში ქართული ღვინის სივრცეა მოწყობილი; ქალაქ რუსთავში, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ, სხვადასხვა აქტივობა იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები