მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს და ვუსურვებ, ერთიანობით და სიამაყით გვეტარებინოს ყველა ის სიკეთე და ფასეულობა, რაც ძალიან ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მინისტრმა მოსახლეობას დღევანდელი დღე “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში მიულოცა.
“გილოცავთ ყველას! საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს და ვუსურვებ, ერთიანობით და სიამაყით გვეტარებინოს ყველა ის სიკეთე და ფასეულობა, რაც ძალიან ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და არასდროს არ გაგვნელებოდეს ამ ქვეყნის სიყვარული და სიამაყე, რაც ძალიან სჭირდება ჩვენი ქვეყნის დაცვას, შენახვას და წარმატებას.
ვუსურვებ ყველას, ძალიან მალე ერთიან საქართველოში ამაყად ცხოვრებას.”
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თითოეული ჩვენგანის უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყნის შვილები და თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა:
“ჩვენს ქვეყანას სჭირდება განსაკუთრებული მოფრხილება, ჩვენი ქვეყნის ინტერესების, სუვერენიტეტის დაცვა და ეს ყველაფერი უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მამოძრავებელი.”
მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც.
“გამოწვევები ბევრია. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ყველას კარგად არ აქვს გაცნობიერებული თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის სუვერენიტეტს და მისი თავისუფლების დაცვას. ძალიან ხშირად ზიანდება ჩვენი ქვეყნის ინტერესები შიგნიდან და ეს არის ძალიან სამწუხარო, როდესაც ხედავ, როგორ მოქმედებს სამშობლოს წინააღმდეგ შენივე თანამოქალაქე. ეს არის ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც დღეს გვაქვს – ეროვნული ინტერესების, ეროვნული ინტერესის გაცნობიერება. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გამოწვევაა გარეთ. ჩვენ საკმაოდ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, თუმცა ეს საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა და ასე გაგრძელდება და გარკვეული უნარებიც გვაქვს იმის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ რეგიონში, თუ როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი პოლიტიკა იმგვარად, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე,” – აღნიშნა მინისტრმა.