სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე”, – ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ განაცხადა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში, იკავებდა რა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის თანამდებობას, მისთვის ცნობილი გახდა, რომ კერძო მეწარმეს, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ჩამოერთვა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 000 000 რუსული რუბლის (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) ოდენობით.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად ან არასწორი დეკლარირებით, ჯარიმდება ნაღდი ფულის ღირებულების 10%-ის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

ხსენებულმა მეწარმემ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისა და კუთვნილი თანხის დაბრუნების მიზნით, სამართლებრივი პროცედურების დაცვით, მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის ორგანოებს, თუმცა თანხის დაბრუნებაზე უარი მიიღო. ამის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე, შუამავალი პირების მეშვეობით დაუკავშირდა მას და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა. მოლაპარაკებების შედეგად, კანონით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმის გადახდის გზით, მეწარმემ 2024 წლის 30 აპრილს, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დაიბრუნა ჩამორთმეული ფულადი თანხა, რის შემდეგაც ლევან ახობაძე შუამავლების მეშვეობით, კვლავ დაუკავშირდა მას და დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 000 ლარის გადახდა მოსთხოვა, თუმცა როგორც ერთ-ერთი ჩვენებიდან ირკვევა, სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, აღნიშნულმა პირმა, ლევან ახობაძისთვის გადასაცემად, შუამავალს გადასცა 250 000 ლარი.

ასევე დადგენილია, რომ ქრთამის სახით გადახდილი თანხა იმავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის იმჟამინდელ მოადგილეს მისსავე სამუშაო ოთახში გადაეცა.

აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მხილებისა და შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვების, ასევე სხვა მსგავსი დანაშაულების გამოვლენის მიზნით”, – განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები