შალვა პაპუაშვილი: ვეუბნებით ევროკავშირს, რომ იმ ნაბიჯებით, რომელსაც დგამენ ისინი, მიექანებიან ცივილიზაციური უფსკრულისკენ, შორდებიან ევროპულ იდეალებს
“ისეთ ევროკავშირში, რომელსაც მხოლოდ სახელი აქვს ევროპული, ჩვენ საქართველოს მონაწილეობას ვერ ვხედავთ, მათ უნდა დაგვანახონ, რომ ევროკავშირი კვლავ მიმზიდველი იყოს საქართველოსთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი იმ ნაბიჯებით, რომელსაც დგამს ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიექანება.
„ევროპას სხვადასხვა სახე ჰქონდა. 45 წლამდე ევროპას ფაშისტური სახეც ჰქონდა, შემდეგ ეს სახე შეიცვალა და დაემსგავსა იმ ევროპას, რომელიც ჩვენთვის მისაღებია. ახლა ვხედავთ, რომ მას კვლავ ცივილიზაციური გამოწვევები აქვთ. ამაზე არა მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ, აშშ-ც მიუთითებს, რომ ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიექანება დღეს ევროკავშირი. ასე რომ ის, რაც ჩვენ ევროკავშირში გვიზიდავდა, ეს არ არის ბუნებრივი მოცემულობა. 300 ათასი ქართველი დაიღუპა იმის გამო, რომ ევროპა იყო ფაშისტური. ასე რომ არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ისტორია შეიძლება ნებისმიერ დროს სხვადასხვა მხარეს წავიდეს და ყველა უნდა იყოს ფხიზლად. ამიტომ ვფხიზლობთ ჩვენ და დღეს ვეუბნებით ევროკავშირს, რომ იმ ნაბიჯებით, რომელსაც დგამენ ისინი, მიექანებიან ცივილიზაციური უფსკრულისკენ, შორდებიან ევროპულ იდეალებს და რა თქმა უნდა, ისეთ ევროკავშირში, რომელშიც მხოლოდ სახელია ევროპული, ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს მონაწილეობას. ამიტომ მათ უნდა დაგვანახონ, რომ ევროკავშირი კვლავ მიმზიდველი იყოს საქართველოსთვის. ევროპული ღირებულებებისგან დაცლილი ევროკავშირი არის უბრალოდ კავშირი, როგორებიც ჩვენ უკვე ვიყავით საბჭოთა კავშირში. გეოგრაფიულად ნახევარი
საბჭოთა კავშირი ევროპაა, მაგრამ თავისი ღირებულებებით ეს ხომ არ იყო ის ევროპა, რომლის შემოქმედებიც ჩვენ ვართ?! ამიტომ ევროკავშირმა უნდა დაგვანახოს, რომ ის კვლავ ერთგულია იმ ფასეულობების, რის გამოც ჩვენ შევიტანეთ კანდიდატობაზე განაცხადი და ამდენი წელია ვცდილობთ, სხვათა შორის უშედეგოდ, ევროკავშირში წინ წასვლას”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.