“ჩვენთვის, ვინც ყოველდღიურად ვსარგებლობთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ზრუნვით და გვერდში დგომით, განსაკუთრებულად დასაფასებელია ის პროფესიონალიზმი, ერთგულება და თავდადება, რომელსაც სამსახურის თითოეული თანამშრომელი ავლენს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
პაპუაშვილმა თანამშრომლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 32 წლის იუბილე მიულოცა.
“ჩვენთვის, ვინც ყოველდღიურად ვსარგებლობთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ზრუნვით და გვერდში დგომით, განსაკუთრებულად დასაფასებელია ის პროფესიონალიზმი, ერთგულება და თავდადება, რომელსაც სამსახურის თითოეული თანამშრომელი ავლენს. თქვენ ხართ მოქალაქეთათვის უხილავი ფრონტის მებრძოლები, რომელთა ყოველდღიური შრომა და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყო ერთ-ერთი პირველი სრულად დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად შეიქმნა ურთულეს, ტრაგიკულ და წინააღმდეგობებით სავსე პერიოდში, როდესაც არაერთი სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურა ჯერ კიდევ გარე გავლენებისა და ჩარევების ზემოქმედებას განიცდიდა.
1994 წელს ამ სამსახურის შექმნა შორსმჭვრეტელი და სახელმწიფოებრივი ხედვით მიღებული გადაწყვეტილებად აღმოჩნდა. სწორედ ამ უწყებამ შეძლო მაშინდელი პრეზიდენტის თავდასხმებისგან დაცვა, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახლად აღდგენილი ქართული სახელმწიფოებრიობის სტაბილურობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. ეს ისტორია საქართველოს უახლესი ისტორიის განუყოფელი ნაწილია, ხოლო თქვენი სამსახურის მნიშვნელობა კი შეუცვლელი.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისო როლის გაძლიერებასთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პასუხისმგებლობაც იზრდება. ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების გარემო, თანამედროვე საფრთხეების მრავალფეროვნება და მზარდი გამოწვევები კიდევ უფრო ზრდის იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თქვენ გაკისრიათ. სწორედ ამიტომ, თქვენი სამსახურის გამართული ფუნქციონირება ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
გისურვებთ, ღირსეულად ატაროთ თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. გისურვებთ ისეთ მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს, სადაც თქვენი მსახურება გარე თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩება, მაგრამ მისი შედეგები ყოველდღიურად შეიგრძნობა სახელმწიფოს სიმტკიცეში და ინსტიტუტების გამართულ მუშაობაში.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დღეს. გისურვებთ წარმატებებს და ჯანმრთელად მსახურებას”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.