გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე: „საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება, განმტკიცება და შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ურყევი კეთილსინდისიერებით, ღიაობითა და ანგარიშვალდებული საჯარო საქმიანობით”
„იმ ფონზე, როდესაც კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები და ხელოვნური ინტელექტი ფორმას უცვლის სამყაროს, ჩვენი მომავალი დამოკიდებულია ინსტიტუტებზე, რომლებიც უნდა იყვნენ ინოვაციური და მზად იყვნენ ადაპტაციისთვის,” – ეს განცხადება საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის გახსნაზე ლი ჯუნჰუამ გააკეთა.
მან მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს საჯარო სერვისების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაერო-ს ფორუმის მასპინძლობისთვის და ღონისძიების მონაწილეებს ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
„კიდევ ერთხელ მსურს, მადლიერება გამოვხატო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ საჯარო სერვისების განვითარების საქმის ხანგრძლივი ერთგულებისა და 2026 წლის საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის მასპინძლობისთვის”, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.
ლი ჯუნჰუამ ღონისძიების მონაწილეებს გენერალური მდივნის გზავნილი გააცნო, სადაც ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ საჭიროა საჯარო მოხელეების – იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც პოლიტიკას პროგრესად აქცევენ.
„გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, საჯარო მოხელეებს შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ეფექტური მმართველობის გაძლიერებას და მოქალაქეებსა და ინსტიტუტებს შორის ნდობის აღდგენას. მოდი, მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკას პროგრესად აქცევენ და ერთად ავაშენოთ უკეთესი მომავალი ყველასთვის”.
გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, ფორუმი ფოკუსირებულია ოთხ ძირითად მიმართულებაზე: ინოვაცია, ინკლუზიურობა, ჩართულობა და ანგარიშვალდებულება.
„ინოვაცია აუცილებლობაა. საჯარო ინსტიტუტებმა უნდა გამოიყენონ სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესი და ციფრული ტრანსფორმაცია. ტრანსფორმაცია წარმატებულია მხოლოდ მაშინ, თუ ის არავის ტოვებს ყურადღების მიღმა; ნამდვილი ჩართულობა კი, აშენებს საზოგადოებრივ ნდობას. დიალოგისა და ერთობლივი შემოქმედებისთვის რეალური სივრცის შექმნით მთავრობები აძლიერებენ საზოგადოების მხრიდან პროცესების თანამონაწილეობის განცდას, აუმჯობესებენ პოლიტიკის შედეგებს. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შეუცვლელია. სწრაფი ცვლილებების პერიოდები ხშირად ბადებს გაურკვევლობასა და სკეპტიციზმს. საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება, განმტკიცება და შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ურყევი კეთილსინდისიერების, ღიაობისა და ანგარიშვალდებული საჯარო საქმიანობისადმი მუდმივი ერთგულებით”, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.