არჩილ ბერიძე რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: თუ ვთანხმდებით, რომ ევროკავშირი სამხედრო ალიანსი არ არის და წევრობა არ უნდა იყოს დაკავშირებული სამხედრო კონფლიქტებთან, რატომ აღმოჩნდა სწორედ ომი ის ფაქტორი, რომელმაც ე.წ „შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა“?

„რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ, ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადება 2022 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ 2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე ევროკავშირში გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ რეალური პოლიტიკური ნება არ არსებობდა.
ეს განცხადება რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას აჩენს: თუ ევროკავშირის გაფართოების საკითხი მხოლოდ ომის შემდეგ გახდა რეალურად აქტუალური – რამდენად სწორი იყო მანამდე საზოგადოებისთვის იმის თქმა, რომ ინტეგრაცია მხოლოდ რეფორმებზე, სტანდარტების შესრულებასა და ფორმალურ მოთხოვნებზე იყო დამოკიდებული?“ -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ბერიძის თქმით, რატომ არ შეიძლება არსებობდეს ევროპული ინტეგრაციის გზა ომის გარეშე?! მისივე თქმით, ბევრ კითხვაზე პასუხი მნიშვნელოვანია არა ვინმეს დასადანაშაულებლად, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი, რას ეფუძნება რეალურად პოლიტიკური გადაწყვეტილებები და რამდენად გულწრფელად ხდებოდა ამ პროცესების ახსნა წლების განმავლობაში.

გამოდის, რომ ამ პროცესში პოლიტიკური გარემო და გეოპოლიტიკური ინტერესებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. და ბუნებრივია, საზოგადოებაში ჩნდება კითხვა: საქმე ხომ არ გვქონდა თვალთმაქცობასთან? თუ დღეს საუბრობენ, რომ პოლიტიკური ნება მხოლოდ ომის შემდეგ გაჩნდა – გამოდის რომ, გაფართოების მიმართულებით ღირებულებით, საკანონმდებლო თუ ინსტიტუციურ საკითხებზე მუშაობა ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს ატარებდა, რომელსაც ფაქტობრივად, ლოგიკური დასასრულის პერსპექტივა არ გააჩნდა. აქ ჩნდება კიდევ ერთი ბუნებრივი კითხვა – რომელიც რატომღაც არ უჩნდებათ არც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და არც ყოველმხივ განსწავლულ, დასავლური პოლიტიკური არქიტექტურის სიღრმისეულად მცოდნე, ძლიერი პროგნოზების გაკეთებითა და ექსპერტის სახელით ცნობილ ადამიანებს – თუ ვთანხმდებით, რომ ევროკავშირი სამხედრო ალიანსი არ არის და წევრობა არ უნდა იყოს დაკავშირებული სამხედრო კონფლიქტებთან, რატომ აღმოჩნდა სწორედ ომი ის ფაქტორი, რომელმაც ეგრეთწოდებული „შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა“? და ბოლოს – თუ გეოპოლიტიკურმა გარემომ შექმნა ახალი შესაძლებლობები, რატომ წარმოაჩენდნენ საქართველოს ხელისუფლების არჩევანს – შეენარჩუნებინა მშვიდობა, სტაბილურობა და არ ჩართულიყო ესკალაციის ლოგიკაში – როგორც ავტომატურად ანტიევროპულ გადაწყვეტილებას? რატომ არ შეიძლება არსებობდეს ევროპული ინტეგრაციის გზა ომის გარეშე?! ეს კითხვები და ამ კითხვებზე პასუხები, მნიშვნელოვანია არა ვინმეს დასადანაშაულებლად, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი – რას ეფუძნება რეალურად პოლიტიკური გადაწყვეტილებები და რამდენად გულწრფელად ხდებოდა ამ პროცესების ახსნა წლების განმავლობაში.“-განაცხადა არჩილ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები