ზვიად შალამბერიძე: როდესაც საერთაშორისო დოკუმენტში მოგვიწოდებენ, ხელისუფლებამ გამოიხმოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოდან, ეს არის მართლმსაჯულების უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპის ნგრევა, საქართველოში ხელშეუხებელი კასტები არ არსებობენ! მართლმსაჯულება არის და იქნება ყველასთვის თანაბარი

„მსურს პირდაპირ და ყოველგვარი დიპლომატიური პირფერობის გარეშე ვუპასუხო იმ მორიგ პოლიტიკურ აბსურდს, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამზადებენ. ანგარიშის პროექტი, რომელსაც საფუძვლად უდებენ ვითომდა „დემოკრატიულ უკუსვლას“, რეალურად არის არა ობიექტური შეფასება, არამედ მიზანმიმართული დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტზე“- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ საქართველოში მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბარია და როდესაც ცდილობენ ქართველი ხალხის ლეგიტიმური არჩევანის დისკრედიტაციას, ეს ნიშნავს, რომ მათ აინტერესებთ არა დემოკრატია, არამედ მორჩილი, სხვისი ნების შემსრულებელი ხელისუფლება.

„მოდით, ყველაფერს თავისი სახელები დავარქვათ. როდესაც საერთაშორისო დოკუმენტში პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ ხელისუფლებამ გამოიხმოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოდან, ეს არის მართლმსაჯულების უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპის ნგრევა. ვინმეს წარმოუდგენია, რომ საფრანგეთს, გერმანიას ან რომელიმე ევროპულ სახელმწიფოს გარედან ვინმემ უკარნახოს, თუ რა საქმე უნდა განიხილოს მათმა უზენაესმა თუ საკონსტიტუციო სასამართლომ? ეს არის ორმაგი სტანდარტი და პირდაპირი იერიში ჩვენს დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე! კიდევ უფრო საგანგაშოა, როდესაც დოკუმენტში კონკრეტული პოლიტიკური ფიგურები მოხსენიებულნი არიან, როგორც პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი. ამით, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ პოლიტიკური კუთვნილება არის ინდულგენცია, რომელიც ადამიანს კანონზე მაღლა აყენებს. ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ: საქართველოში ხელშეუხებელი კასტები არ არსებობენ! მართლმსაჯულება არის და იქნება ყველასთვის თანაბარი, მიუხედავად იმისა, თუ რა გვარი უწერია ადამიანს ან რომელ საერთაშორისო კაბინეტში ეძებს მფარველობას. რაც შეეხება მტკიცებას, რომ ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი არჩევნების გარემო… ეს არის წინასწარი, ხელოვნური ნიადაგის მომზადება შიდა რადიკალიზმისა და დესტაბილიზაციისთვის. როდესაც წინასწარ ცდილობენ ქართველი ხალხის ლეგიტიმური არჩევანის დისკრედიტაციას, ეს ნიშნავს, რომ მათ აინტერესებთ არა დემოკრატია, არამედ მორჩილი, სხვისი ნების შემსრულებელი ხელისუფლება.“-აღნიშნა შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები