გორში, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს სახალხო დღესასწაული ოქონობა აღინიშნა
ოქონის ტაძარში ატენისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა. წირვის შემდეგ ქალაქის ქუჩებში ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. სასულიერო პირებმა მოსახლეობა დალოცეს და ქალაქის ქუჩები აკურთხეს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საზეიმო წირვას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ სადღესასწაულო მსვლელობაშიც მიიღეს მონაწილეობა.
“ოქონობის აღნიშვნის ტრადიცია უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა. ხატი 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს.
ოქონობის დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა – კურთხევით 2004 წელს აღდგა,”- წერია ინფორმაციაში.