სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმარს სიმულაციაში ადანაშაულებს

 

    სასჯელაღსრულების სამინისტრო ბრალდებულ მ. ტოტოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გენერალურმა ინსპექციამ ბრალდებულ ტოტოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური გამოკვლევა ჩაატარა და დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ტოტოლაშვილი ეტლში ადმინისტრაციაზე ზემოქმედების მოსახდენად გამიზნულად ჩაჯდა.
მიმდინარე კვირას ბრალდებულ მ.ტოტოლაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა მედიის საშუალებით გაავრცელეს ცნობა, თითქოს „თავისი ფეხით შემოსული პატიმარი მ.ტოტოლაშვილი სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში სასტიკი ცემა-წამების შედეგად დაინვალიდდა და ეტლში გადასვეს“.
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ ბრალდებულის წერილობითი და საჯარო განცხადებების საფუძველზე ამომწურავად შეისწავლა საკითხი: გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება, ხოლო ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დეტალურად იქნა გამოკვლეული ჯანდაცვის სისტემის ხუთ სხვადასხვა კლინიკაში. შედეგად, გვსურს პასუხი გავცეთ დისკრედიტაციის მცდელობებსა და ბრალდებულის მხარის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას: 1. მ.ტოტოლაშვილი სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში შემოსახლების მომენტიდან (23.08.14) გამოირჩეოდა აგრესიული ქცევით: არ ემორჩილებოდა თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნებს, აყენებდა მათ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, ცდილობდა თვითდაზიანებების მიყენებას. პერსონალის შეურაცხყოფის ფაქტები შემდგომშიც არის აღწერილი, როგორც სამოქალაქო საავადმყოფოებში, ასევე სასჯელაღსრულების სისტემაში. 2. კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ასევე მისი ქცევის გათვალისწინებით, შემოსახლების მომენტშივე დაუყოვნებლივ იქნა აღწერილი, მცირე დაზიანებები (ექსკორიაციები (ნაფხაჭნები) და მცირე ზომის ზერელე სისხლნაჟღენთები), ასევე წარსულში სავარაუდოდ თვითდაზიანების და/ან დაჭრის შედეგად მიღებული ძველი ნაწიბურები. (მტკიცებულება-სამედიცინო ბარათი, – ექიმის ჩანაწერი 23.08). აღნიშნული დასტურდება შემოსახლებისას შესაბამის ოქმში მისივე ხელმოწერით და მონათხრობით, რომ დაზიანებები დაკავებამდე ჰქონდა მიღებული. 3. მიღებისას შემოწმება მ.ტოტოლაშვილს სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაშიც ჩაუტარდა, სადაც ექიმის ჩანაწერის თანახმად (17.09.14) მას „ახალი დაზიანებები არ აღენიშნება“. 4. ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევებით მოპოვებული ობიექტური მონაცემებით და ექიმების დასკვნებით პრაქტიკულად გამოირიცხა, რომ მ.ტოტოლაშვილს მოძრაობის და გადაადგილების შესაძლებლობები შეზღუდული აქვს რაიმე მექანიკური ტრავმის/დაზიანების გამო, უფრო მეტიც – სამეურნეო ნაწილში მომსახურე მსჯავრდებულების ახსნა-განმარტებებით ჩანს, რომ მ.ტოტოლაშვილი საკანში გადაადგილდებოდა ეტლის გარეშე. მოგვიანებით, სამედიცინო მომსახურების პროცესში უნებლიედ კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ მ.ტოტოლაშვილი ქვემო კიდურებს ამოძრავებს და პარალიზებული არ არის. 5. საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე მ.ტოტოლაშვილს არანაირი შეზღუდვა არ ჰქონია – ბრალდებულის სტატუსით პატიმრობის მცირე დროში იგი მოთავსებული იყო ხუთ სხვადასხვა სამედიცინო კლინიკაში, კონსულტირებული იყო არაერთი სპეციალისტის მიერ და ჩატარებული აქვს მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტული გამოკვლევები. აღსანიშნავია, რომ გამოკვლევების და საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციაზე და მართლმსაჯულების პროცესზე ზემოქმედების მიზნით, მ.ტოტოლაშვილმა დამატებით გადაყლაპა უცხო სხეულები (თერმომეტრთან ერთად ფრჩხილების საკვნეტი, ჭანჭიკები და სხვა), სამედიცინო პერსონალის ჩარევის შედეგად შემდგომი გართულებების საფრთხე დროულად განეიტრალდა. სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს ბრალდებულს ჩაუტარდეს ნებისმიერი სახის ექსპერტიზა, რათა კიდევ ერთხელ დადასტურდეს სიმართლე. ასევე, სთხოვს ბრალდებულსა და მის მხარეს, გასცენ წერილობითი თანხმობა მ.ტოტოლაშვილის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის, გამოკვლევების, ექიმთა შეფასებების და მისი მხრიდან მანიპულაციის ფაქტების შესახებ არსებული ინფორმაციის გასაჯაროებაზე. თანხმობის შემთხვევაში სამინისტრო გამოაქვეყნებს სრულ, ობიექტურ ინფორმაციას მის შემთხვევასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები