მიმდინარე წლის მარტის თვეში სამართალდარღვევის 111 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 105 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მარტის თვეში სამართალდარღვევის 111 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 105 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 134 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 17 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 3 – სამცხე-ჯავახეთის, 15 – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 8 – ქვემო ქართლის, 31 – კახეთის, მცხეთა-მთიანეთის – 5, გურია 8, სამეგრელო-ზემო სვანეთის – 7, ხოლო 11 – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ; ასევე, იმერეთში გამოვლენილია 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო.

აღსანიშნავია, რომ სამართალდარღვევებიდან ერთი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში. ასევე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ხუთი ფაქტია გამოვლენილი ერთი მცხეთა-მთიანეთისა და ოთხი კახეთის რეგიონებში.

ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, იანვარ-მარტის პერიოდში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 191 ფაქტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები