„ალასანიას სესიაშვილით ჩანაცვლება ლოგიკური და მისასალმებელი იქნება“
„თუკი 8 ნოემბერს „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზე ირაკლი ალასანიას პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ, მას ავტომატურად თანამდებობის დატოვება მოუწევს“, – აღნიშნული განცხადება სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ კვირას პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა. მაისაიას განცხადებით, ერთდროულად პარტიის თავმჯდომარეობა და ისეთ თანამდებობაზე ყოფნა, როგორც თავდაცვის მინისტრობაა, შეუძლებელია.
ექსპერტი ალასანიას შესაძლო შემცვლელის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც თავდაცვის მინისტრის პოსტზე კულუარულად საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურა განიხილება. მაისაიას შეფასებით, სრულიდ ლოგიკური იქნება, თუ თანამდებობის დატოვების შემდეგ ალასანიას სწორედ სესიაშვილი ჩაანაცვლებს. მისი შეფასებით, სესიაშვილს გარკვეული კომპეტენცია გააჩნია თავდაცვის პოლიტიკის სფეროში და, ამასთან, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა მმართველ კოალიციაში.
„არ შეიძლება, პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე იყოს ასეთ თანამდებობაზე, შესაბამისად, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ალასანიას არჩევის შემდეგ ავტომატურად დადგება მისი გათავისუფლების საკითხი. როცა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, ამავე დროს, არის თავდაცვის მინისტრი, ეს შეიარაღებულ ძალებში პოლიტიზაციის პროცესის დაწყებას იწვევს, ჩვენ კი უკვე ვიცით, ამან წინა ხელისუფლების პირობებში რა შედეგებიც მოიტანა. შესაძლებელია ირაკლი სესიაშვილი მის შემცვლელად მოიაზრებოდეს. ის არის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ის იყო თავის დროზე ჯარისკაცთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მას თავდაცვის პოლიტიკის სფეროში გარკვეული კომპეტენცია გააჩნია და საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა. შესაბამისად, უჩვეულო არაფერი იქნება იმაში, თუ ის ჩაანაცვლებს ალასანიას. პირიქით, გარკვეულწილად, მისასალმებელიც კი იქნება“,- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ მესამე ყრილობა 8 ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. პარტიის ინფორმაციით, ყრილობაზე პარტიის ახალი წესდების მიღება და რიგი საკითხების განხილვა მოხდება. ყრილობაზე ასევე გაიმართება პარტიის ახალი სიმბოლიკის პრეზენტაციაც.