გიორგი მარგველაშვილმა მოსმენების შესახებ პარლამენტის კანონპროექტს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი არ მოაწერა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
პარლამენტმა გუშინ მიიღო ცვლილებები “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში, თუმცა ვინაიდან პრეზიდენტმა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში ცვლილებებს ხელს არ მოაწერა, შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს ფარული მოსმენა-მიყურადების და ასევე კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვის უფლება აღარ ექნება. ასევე პარლამენტის მიერ გუშინ დამტკიცებულ კანონზე ვეტოს დადების გამო პირველი ნოემბრიდან ძალაში შედის ნორმა, რომლის მიხედვითაც, შსს-ს “ოტო”-ს სამსახურს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, სერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან, კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებობების გამოყენების, სათანადო აპარატურის და ტექნიკური მოწყობილობების განთავსება-მონტაჟის კანონიერი უფლება წაერთვა.