“ელენე ხოშტარია დადასტურებულად დამნაშავე და კრიმინალია, რომელსაც არაერთხელ აქვს განმეორებული დანაშაულები, რომლებისთვისაც სასჯელს იხდის” – წილოსანი

“ელენე ხოშტარია დადასტურებულად დამნაშავე და კრიმინალია, რომელსაც არაერთხელ აქვს განმეორებული ხულიგნობები, თუ დანაშაულები, რომლებისთვისაც სასჯელს იხდის”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ხოშტარიას გირაოს გადახდა შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა.

„მან თავისი თავი დააპოზიციონირა როგორც რევოლუციონერი, ხელისუფლების გადატრიალებაში მონაწილე პირი. პირდაპირ აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს პოლიციელებზე თავდასხმის საშუალებებით ამარაგებდა. ამიტომ, სასამართლოს არაფერი განსხვავებული განაჩენი არ გამოუტანია იმისგან, რაც თავად აღიარა. ყოველ შემთხვევაში, ელენე ხოშტარია თავადვე პოზიციონირებს, როგორც კანონდამრღვევი. რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარიას და მისი თანაგუნდელების ტაქტიკაა, რომ დამნაშავეები რაღაცნაირად გმირებად გამოიყვანონ. ელენე ხოშტარიამ და მისმა თანამოაზრეებმა საკუთარი თავი გირაოს არგადახდით დაიპატიმრეს. გირაოს გადახდა შეეძლოთ და ის აღკვეთი ღონისძიებაც არ მიესჯებოდათ, თუმცა მათ გადაწყვიტეს, რომ გარეთ უკეთესად გაიყიდებოდა ნიუსი, თითქოს პოლიტიკური პატიმრები არიან. ადამიანს როცა აქვს არჩევანი, საპატიმრო გირაოთი ჩაანაცვლოს და ამას არ აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს გამიზნულად, პიარისთვის გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, ელენე ხოშტარია დამნაშავეა და არა გმირი, არც პოლიტიკური პატიმარი. როგორც ვხვდებით, სასამართლოს გადაწყვეტილება მეტწილად ნაკარნახევია იმით, რომ ის რეციდივისტია. დაახლოებით 16-ჯერ ერთი და იმავე დანაშაული აქვს ჩადენილი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები