“საქართველოში კლასიკური გამოცდილება გვაქვს იმის, როგორ ხდება ე.წ. ფსევდოპოლიტიკური პატიმრების შექმნა” – ირაკლი ქადაგიშვილი
“საქართველოში კლასიკური გამოცდილება გვაქვს იმის, როგორ ხდება ე.წ. ფსევდოპოლიტიკური პატიმრების შექმნა”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ელენე ხოშტარიას არჩევნების შედეგები არ მოეწონა და ამიტომ თქვა, რომ ის გაყალბდა.
„ამის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია და ამ დროს გარედან ორკესტირებით სახელმწიფოს წინაღმდეგ შეტევა დაიწყო, რაც გამოიხატება არჩევნების არცნობაში, არჩევნების უგულვებელყოფასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა. ეს ყველაფერი კი, სრულია მედიაუზრუნველყოფის ფონზე ხდებოდა. ამ სცენარის დამდგმელებს ორი წაუგებელი თამაში აქვთ, სახელმწიფო უუნარობას თუ გამოიჩენს და ასეთი სახის ანარქიას კანონით პასუხს არ გასცემს, მაშინ ეს სახელმწიფო ჩამოიშლება და ასეთი სახის ძალები ხელისუფლების სათავეში ყოველგვარი არჩევნების გარეშე მოვლენ, თავად კი, ისეთ არჩევნებს ჩაატარებენ, როგორიც უნდათ. ასეთი არჩევნები 2003 წელს ვიხილეთ, როცა უცებ, 17-პროცენტიანი პარტია 90-პროცენტიანი გახდა. ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გავლილი. ამიტომ, სახელმწიფო ხალხის და დემოკრატიის არჩევანს თუ დაიცავს, ასეთ ანარქისტულ ელემენტებს პასუხისგებაში მიცემა მოუწევს. შემდეგ, სპეკულაცია იწყება, ეს არის პოლიტპატიმარი, ოთხი შვილის დედა და ა.შ. ადამიანს მრავალი სამართალდარვევა მიზანმიმართულად აქვს ჩადენილი და ამბობს, რომ ამას სპეციალურად აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ჰუმანურად ექცევა და გამოსავალს სთავაზობს, პატიმრობაში არ იყო, მისი და მისი პატრონების ამოცანაა, ასეთი ადამიანი მძევლად ჰყავდეს, რათა საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.