აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჩინეთში ონლაინ სარეკლამო კამპანია დაიწყო
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჩინეთში ონლაინ სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომელიც სოციალურ ქსელებში აჭარის და ზოგადად საქართველოს ტურისტული პროდუქტების, მიმართულებების, ღირსშესანიშნაობებისა და გასტრონომიის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას ითვალისწინებს. ინფორმაციას საქართველოს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სარეკლამო კამპანია პოპულარულ ჩინურ პლატფორმებზე Douyin, Red Note, WeChat და Weibo ბათუმის საპრომოციო გვერდის Visit Batumi-ს ანგარიშის შექმნას და აჭარის საპოპულარიზაციო აქტიურ სარეკლამო კამპანიას ითვალისწინებს.
“კამპანიის ფარგლებში, ჩინური გვერდების მილიონობით მომხმარებელი გაეცნობა აჭარის სამთო-სათავგადასავლო, ეკოტურისტულ და საზღვაო ტურისტულ ადგილებს და წარმოდგენას შეიქმნის ბათუმის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზდველი ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ. აჭარის ონლაინ რეკლამა ჩინეთში 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.
სოციალურ პლატფორმებს, რომლებზეც აჭარის და ზოგადად, საქართველოს რეკლამა მიმდინარეობს, ჩინეთში ასეულობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს. კერძოდ, Red Note-ს, რომელიც ჩინეთში Instagram-ის ანალოგს წარმოადგენს ყოველთვიურად 300 მილიონამდე, ხოლო Douyin (TikTok-ის ალტერნატივა)ყოველთვიურად 766 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. 1,4 მილიარდამდე ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს WhatsApp-ის ანალოგს WeChat, 599 მილიონი მომხმარებელი კი Twitter-ის ანალოგს Weibo. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს წელს შანხაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც წარადგენს, რომელშიც საქართველო ITB CHINA 2026-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას,”- წერია ინფორმაციაში.