შალვა პაპუაშვილი: 4 წლის წინ საქართველო მზად აღმოჩნდა, ეთქვა უარი ომის ლოგიკაზე და დამდგარიყო მშვიდობის მხარეს 

“ორიოდე კვირის წინ შესრულდა ოთხი წელი, რაც ჩვენ ვუყურებთ ომის ქარცეცხლში გახვეულ ევროპას. ოთხი წელია ვუყურებთ მის ტერიტორიულად უდიდესი სახელმწიფოს ტრაგედიას და ევროკავშირის უუნარობას, გაუმკლავდეს სულ უფრო მზარდ კრიზისს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეული დღე, რომელიც ომის დღის წესრიგით თენდება, ამძაფრებს გეოპოლიტიკურ კრიზისს და აღრმავებს უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემის ეროზიას.

,,ოთხი წლის წინ საქართველო მზად აღმოჩნდა, ხმამაღლა ეთქვა უარი ომის ლოგიკაზე, დამდგარიყო მშვიდობის მხარეს და კრიზისის პოლიტიკურ ეპიცენტრში დაებრუნებინა მთავარი ცნება – საქართველოს ეროვნული ინტერესი, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი განმსაზღვრელი და მდგენელი.

სწორედ ამიტომ აღშფოთდნენ ის ძალები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს ქედმაღლურად უყურებდნენ, ჩვენს მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება გააჩნდათ და საკუთარ გეოპოლიტიკურ სცენარში „გასაწირი პაიკის“ როლი მოგვაკუთვნეს. მათთვის უცხოური მეურვეობა, სადამრიგებლო ჭკუის-სწავლებები, ქსელური აქტივიზმი და მრავალშრიანი გარე დაფინანსება უნდა ყოფილიყო ის ბერკეტი, რომლითაც, ომის ხანაში, საქართველოსთვის, თავს უნდა მოეხვიათ ახალი „ფუნქცია“ – საკუთარი სისხლი დაეღვარა სხვისი უსაფრთხოებისთვის, საკუთარი მიწა დაეკარგა სხვისი მიწის შენარჩუნებისთვის, საკუთარი მომავალი გაეწირა სხვისი კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები