“უკვე მეოთხე სესიაა, რაც საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი ქართველი ხალხის სახელით და მის საკეთილდღეოდ მუშაობს” – შალვა პაპუაშვილი

“უკვე მეოთხე სესიაა, რაც საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი ქართველი ხალხის სახელით და მის საკეთილდღეოდ მუშაობს – მუშაობს იმ უფლება-მოვალეობების შესასრულებლად, რომლებიც ჩვენმა ამომრჩეველმა, საქართველოს მოსახლეობამ, 2024 წლის არჩევნებით დაგვაკისრა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა.

პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამომრჩევლის 54%-მა, საქართველოს 1 120 000-მა მოქალაქემ მხარი დაუჭირა საქართველოს მშვიდობიან, სტაბილურ, ძლიერ, სუვერენულ და დამოუკიდებელ მომავალს. მომავალს, რომელსაც მკაფიოდ და მტკიცედ განასახიერებს „ქართული ოცნება“.

„ერთი წლის წინ, წინა ანგარიშის წარდგენისას, პარლამენტში არ იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლობა, რადგან მათ მიმართეს საპარლამენტო საბოტაჟის ყოვლად არაკონსტიტუციურ, არადემოკრატიულ და, როგორც დრომ დაადასტურა, არაეფექტურ ფორმას, როდესაც უარი თქვეს ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატებზე.

დღეს პარლამენტში გვყავს ერთი ოპოზიციური ჯგუფი, ფრაქცია „საქართველოსთვის“ სახით. თუმცა, ასევე ვხედავთ, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ გაურკვევლობაშია გაჭედილი, ისევე როგორც დანარჩენი რადიკალური არასაპარლამენტო ოპოზიცია. მათ ერთდროულად უნდათ იყვნენ საქართველოს არჩეული პარლამენტის წევრები და ამავე დროს უარი თქვან არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაზე. ჩვენ ვისმენდით, რომ მათი პარლამენტში შემოსვლის მიზანი ხელისუფლებასთან „სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა“ იყო, მაგრამ საბოლოოდ თავად აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარეობაში, საკუთარი გაორებული პოლიტიკური მდგომარეობის მძევლებად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები