ლევან ჟორჟოლიანი – ბერდია სიჭინავას: თქვენ ახსენეთ, პრინციპები გვაქვსო და პრინციპებთან შეუთავსებლობა რომ გვქონდა, მერე წამოვედით მთავრობიდანო, რომელი პრინციპი იყო შეუთავსებელი, მელიას არდაჭერა, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სრულიად ლეგიტიმური იყო მისი დაკავება?

კორუფციასთან ბრძოლა დაკავშირებულია უფრო აღქმებთან და არა კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან, დღეს ვისაუბრეთ ყველა იმ გადაწყვეტილებაზე თუ რეფორმაზე, რომელიც დროის ძალიან მცირე მონაკვეთში საქართველოს მთავრობამ განახორციელა და ვერც ერთი ან შენიშვნა, ან შეკითხვა ამასთან დაკავშირებით ვერ მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მისი შეფასებით, საოცარი მოსაზრებები გამოითქვა „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით.

„როგორ წარმოგიდგენიათ, აუქციონი გამოაცხადო ამხელა მიწის ნაკვეთზე იმ პირობით, რომ ვიღაც 6 მილიარდს შემოიტანს და კონკურენტული იქნება ეს აუქციონი. ეს ხომ თავიდანვე აბსურდია. წარმოგიდგენიათ აუქციონი 6 მილიარდზე? ასეთი ტიპის პროექტები სწორედ კონკრეტულ ინვესტორთან მოლაპარაკებით კეთდება. ბოლოს დაითვალეთ და 7% გვეკუთვნისო და 33% თუ წამოვიღეთ, ძალიან მაგრები ვყოფილვართ. რაც შეეხება გასაჯაროებას, შეიძლება, ეს თქვენთვის პოლიტიკური საკითხია, მაგრამ „იგლ ჰილსისთვის“ ეს არის კომერციული საიდუმლოება და, რა თქმა უნდა, ინვესტორს აქვს ლეგიტიმური უფლება. ის სხვა ქვეყნებშიც შევა და არ სჭირდება, სხვა ქვეყნების მთავრობებს გააგებინოს ყველა ის დეტალი, რაზეც აქ წამოვიდა, ან რაც არ დათმო. ამაზე საერთოდ კითხვა, თუ ოდნავ ჩახედული ხარ, არ უნდა დასვა. იყო ფეიკ კამპანია არაბიზაციასთან დაკავშირებით და თავადვე თქვით, რომ ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია კი არ იქნება, ქართველები იყიდიანო, ანუ არაბიზაცია მორჩა“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, ოპონენტებს რეალურ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები არ დაუსვამთ და სინამდვილეში საუბარი აქვთ მხოლოდ აღქმებზე, კონკრეტული ფაქტების გარეშე.

„საკითხები, რომლებზეც ვისაუბრეთ, ეს იყო შესყიდვების სისტემის აბსოლუტური გაჯანსაღება, ბაზრის კვლევის საერთოდ ახალ მოდულზე გადასვლა, პრივატიზაციის საკითხები, ენერგეტიკის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე, რეალურ დროში აუდიტზე, ამ საკითხებზე არავის არც ერთი შეკითხვა არ დაბადებია და ვსაუბრობთ საკითხებზე, რომლებიც ძირითადად ადამიანების აღქმებს ეხება, ფაქტებს არ მოვიტანთ ხოლმე. თქვენ ახსენეთ, პრინციპები გვაქვსო და პრინციპებთან შეუთავსებლობა რომ გვქონდა, მერე წამოვედით მთავრობიდანო, რომელი პრინციპი იყო შეუთავსებელი, მელიას არდაჭერა, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სრულიად ლეგიტიმური იყო მისი დაკავება?“ – მიმართა ლევან ჟორჟოლიანმა ბერდია სიჭინავას.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ დღეს სახელმწიფო იღებს ძალიან სწორ გადაწყვეტილებებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

„ეს გამოიხატება კონკრეტულ ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებში არა მხოლოდ ვიღაცების დაკავებითა და დასჯით, არამედ პრევენციული მექანიზმების შექმნით, რომელიც ამ ქვეყანაში არც ერთი ადმინისტრაციის ან ხელისუფლების დროს არ ყოფილა. როდესაც გვესაუბრებიან თუნდაც ძველი მაგალითებით და ამბობენ, ხელოვნების დონეზე აიყვანეთ კორუფციაო, რეკეტი ჰქონდათ ხელოვნების დონეზე აყვანილი და ამას გვასაღებდნენ, როგორც დემოკრატიის წინსვლას და სამწუხაროდ, ჩვენ გვაბრალებენ დემოკრატიის უკუსვლას, როდესაც ხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიც ხდება. ამ ნაწილში შემოვიდნენ ოპონენტები ჩვენთან დებატებში“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები