ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში, უცხო სახელმწიფოებისთვის ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით, დაახლოებით, 500 ადამიანი დააკავეს,- ამის შესახებ ირანის პოლიციის ხელმძღვანელმა, აჰმადრეზა რადანმა განაცხადა.
მისი თქმით, დაკავებულთა ნაწილი ეჭვმიტანილია იმაში, რომ ისრაელსა და აშშ-ს გადასცემდა მონაცემებს, რომლებიც შესაძლო სამხედრო სამიზნეების იდენტიფიცირებას უკავშირდება. ბრალდებები ასევე მოიცავს საჰაერო დარტყმების ადგილების გადაღებას და შესაბამისი მასალების უცხოეთში გაგზავნას.
ირანული მედიის ცნობით, დაკავებები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირდა. მაგალითად, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ათობით ადამიანი სამხედრო და უსაფრთხოების ობიექტების მდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით დააკავეს, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთში – სტრატეგიული ობიექტებისა და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის შესახებ მონაცემების შეგროვების გამო.
ამასთან, Student News Network-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასავლეთ პროვინცია ლორესტანში სამი ადამიანი “საზოგადოებრივი აზრის არევისა და გლოვის სიმბოლოების დაწვის მცდელობისთვის” დააკავეს.