“ნაციონალურ მოძრაობას“, კოლექტიურად მათთან გაერთიანებულ, მიტმასნილ ადამიანებს ერთმანეთი უბრალოდ სძულთ” – არჩილ გორდულაძე
“ნაციონალურ მოძრაობას“, კოლექტიურად მათთან გაერთიანებულ, მიტმასნილ ადამიანებს ერთმანეთი უბრალოდ სძულთ”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ძალიან უინტერესო საკითხია – „ნაცმოძრაობაში“ ვინ რა სკამს გაიყოფს და არ გაიყოფს.
“აქ ხომ რეალობა მარტივია, რომ ნებისმიერი მათი პოზიცია უბრალოდ საკუთარი პირადი ამბიციების დასაკმაყოფილებლად არის. ახლა, უბრალოდ თავს იწონებენ, თავიანთი პატრონების წინაშე ვინ უფრო უკეთ შეძლებს მათი დავალების შესრულებას. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა მაინც რომელს ექნება უფრო აქტიური. ზუსტად იგივე იყო ხაბეიშვილის შემთხვევაში, იგივე იყო მელიას შემთხვევაში. ახლა ქალბატონი თინა ბოკუჩავას სახით გვაქვს იგივე შემთხვევები. ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, კოლექტიურად მათთან გაერთიანებულ, მიტმასნილ ადამიანებს ერთმანეთი უბრალოდ სძულთ. ერთმანეთს ლანძღავენ, ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ. შემდეგ მიიღებენ დავალებას, რომ კონკრეტულად ერთი საკითხია აუცილებლად გასატანი ნიუსის სახით, ან კონკრეტული ქვეყნის დამაზიანებელი ნაბიჯებია გადასადგმელი, კიდევ უფრო მეტად კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა და შემდეგ დაირაზმებიან ხოლმე როგორც მონური ფსიქოლოგიის ადამიანებს სჩვევიათ, ჩამოდგებიან, ერთსა და იმავეს აკეთებენ.
„ნაცი“ რომ „ნაცია“ ამას არ სჭირდება ხელახლა თქმა ქართული საზოგადოებისთვის. ამიტომაც არის, რომ უკვე ათჯერ სახელოვნად დამარცხდნენ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში არჩევნებში. ამავე დროს, ეს მცდელობა გაერთიანებებისა და გაყოფისა, მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია, რომ „ლელოელი“ და „გახარიელი“ „ნაცები“ როგორმე გასუფთავდნენ. ჩამოეწმინდოთ მათ ეს უმძიმესი პოლიტიკური ლაქა, რომელსაც „ნაცობა“ და კონსტიტუციის დარღვევა ჰქვია. ამ პატარა შოუს და მასკარადს ვხედავთ“, – აღნიშნა გორდულაძემ.