ანატოლი ბიბილოვი: ქართველი პოლიტიკოსების „კეთილი“ განცხადებები ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის ყოველთვის სისხლისღვრით სრულდებოდა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის“ სპიკერი ანატოლი ბიბილოვი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას – ერთიანი და ძლიერი საქართველოს ფარგლებში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომიის შესახებ კიდევ ერთი განცხადებით პასუხობს.
„სავარაუდოდ, ღარიბაშვილმა არ იცის, რომ დღეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა აღიარებული სახელმწიფოა, რის შესახებაც ჩვენ მას ინფორმაცია მივაწოდეთ. სამხრეთ ოსეთის ხალხმა საკუთარი განვითარების და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის ვექტორები განსაზღვრა. სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს და ვერც შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება ურთიერთობების გაუმჯობესებას, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, რა თქმა უნდა, ეს უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა ბიბილოვმა.
მისი აზრით, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების დაწყება შესაძლოა, მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებისა და რიგი შემხვედრი ნაბიჯების შემდეგ.
„გარდა ამისა, საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ოსი ხალხის გენოციდი უნდა აღიაროს. საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთთან თბილი ურთიერთობების აღდგენის სურვილს გამოთქვამს მაშინ, როდესაც ქართულ ციხეებში ჩვენი მოქალაქეები სხედან, რომლებსაც პოლიტიკური მოტივებით უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი“, – აღნიშნა ბიბილოვმა.
„პარლამენტის“ სპიკერის განცხადებით, ქართველი პოლიტიკოსების „კეთილი“ განცხადებები და განზრახვები ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ მისი მოსახლეობისთვის ყოველთვის სისხლისღვრით სრულდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები