გერმანიის აეროპორტში 25 კილოგრამი კეტამინი ამოიღეს – ნარკოტიკი ბაღის ჯუჯების ფიგურებში იყო დამალული
გერმანიის საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა კიოლნ/ბონის აეროპორტში დაახლოებით 25 კილოგრამი კეტამინი ამოიღეს, რომლის სავარაუდო საბაზრო ღირებულება 1 მილიონ ევროს შეადგენს.
კიოლნის მთავარი საბაჟო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერება ოთხ ამანათში იყო განთავსებული, რომლებიც სამხრეთ გერმანიიდან კანადასა და ავსტრალიაში იგზავნებოდა.
საბაჟოს ცნობით, ეჭვი რენტგენული შემოწმების დროს გაჩნდა. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ოქროსფერი ბაღის ჯუჯების ფიგურებმა, კერძოდ კი მათმა ფეხებმა, რომელთა ფორმა აშკარად შეცვლილი იყო.
დამატებითი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფიგურების შიგნით კეტამინი იყო დამალული.
გამოძიება გრძელდება. გერმანიის სამართალდამცავები ცდილობენ დაადგინონ, ვინ არიან როგორც ამანათების გამგზავნი, ისე საბოლოო მიმღებები.