კახიანი – The Hill-ის სტატიაზე: მიზანი არის ის, რომ ქვეყნის იმიჯი დაზიანდეს; ეს ემსახურება ქვეყნის დაზიანებას
“როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენ გარშემო ვითარება ამა თუ იმ ფორმით იძაბება, ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა დაკვეთითაც ხდება მსგავსი სტატიების შემუშავება, მათი გამოაშკარავება”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განუცხადა.
კერძოდ, მან The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე ისაუბრა.
„ეს არის ქვეყნის გარედან დაფინანსებული ორგანიზაციები და ამ სტატიაზე სხვა ვერაფერს ვიტყვი, თუ არა იმას, რომ ეს არის დაკვეთით გამოქვეყნებული სტატია. გამიზნულად ხდება ეს ყველაფერი, როდესაც დაძაბულობა მეტია ჩვენს სამეზობლოდ. ამის მიზანი არის ის, რომ ქვეყნის იმიჯი დააზიანოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც საქართველოს ჰყავს არაკეთილმოსურნეები, რომლებიც ასეთ ინფორმაციებს სათავისოდ იყენებენ. მთლიანობაში, ეს ემსახურება ქვეყნის დაზიანებას და იმიჯის შელახვას“, – აღნიშნა კახიანმა.
ცნობისთვის, სტატია – სათაურით „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“, The Hill-ში გამოქვეყნდა.