ავიაკომპანიები და ტურისტული ინდუსტრიები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შედეგებს განიცდიან – საერთაშორისო მედია

ავიაკომპანიები და ტურიზმის ინდუსტრიები ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის საჰაერო ომის ესკალაციის შედეგებს ებრძვიან, მაშინ როცა მთავრობები ახლო აღმოსავლეთიდან ჩარჩენილი მოგზაურების სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.

მედიის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში 20 000-ზე მეტი რეისი გაუქმდა.

“როიტერის” თანახმად, სპარსეთის ყურის ძირითადი კვანძები, მათ შორის დუბაი, მსოფლიოში ყველაზე დატვირთული საერთაშორისო აეროპორტი, მეოთხე დღეა დაკეტილია ან მკაცრად შეზღუდულია.

Flightradar24-ის მონაცემებით, დარტყმების დაწყებიდან შვიდ მსხვილ აეროპორტში, მათ შორის დუბაიში, დოჰასა და აბუ-დაბიში, დაახლოებით 21 300 რეისი გაუქმდა.

მედიის ინფორმაციით, არეულობა ასევე ავიწროებს ევროპასა და აზიას შორის შორ მანძილზე რეისებისთვის ისედაც ვიწრო ფრენის დერეფანს, რაც გლობალური ავიაკომპანიების ოპერაციებს ართულებს.

სპარსეთის ყურის გადაღმა ჩარჩენილი მგზავრები შეზღუდული რაოდენობის რეპატრიაციის რეისებზე ადგილების დაკავებას ცდილობდნენ, რადგან მთავრობები მგზავრების სამშობლოში დასაბრუნებლად ზომებს მიმართავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თეირანსა და ბეირუთში აფეთქებები მოხდა. Emirates, flydubai და Etihad ორშაბათიდან, ძირითადად ჩარჩენილი მგზავრების რეპატრიაციის მიზნით, შეზღუდული რაოდენობის რეისებს აწარმოებენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამერიკელების ახლო აღმოსავლეთიდან ევაკუაციისთვის შეერთებული შტატები სამხედრო და ჩარტერულ რეისებს უზრუნველყოფს და დასძინა, რომ ის თითქმის 3000 აშშ-ის მოქალაქესთან კონტაქტობდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, დეპარტამენტი ამერიკელი კანონმდებლების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას თავდასხმების დაწყებამდე ხალხისთვის ქვეყნის დატოვებისკენ უნდა მოეწოდებინა.

საერთაშორისო მედიის თანახმად, კონფლიქტის შედეგად მზარდი საწვავის ხარჯები, დამატებითი ფრენების ხარჯები და გაზრდილი ოპერაციული წინააღმდეგობები ავიაკომპანიებს მთელ მსოფლიოში აზიანებს, ხოლო მოგზაურების რაოდენობის შემცირება სასტუმროების და ტურისტული სერვისების შემოსავლების კლებასაც იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები