შოთა ბერეკაშვილი: საშუალება გვაქვს, რომ იმ სექტორებში, სადაც დეფიციტია რესურსის, გვქონდეს მისი შემოყვანის საშუალება და სადაც ჭარბი არის მიწოდება, იქ დაცული იყოს შრომითი ბაზარი
“საშუალება გვაქვს, რომ იმ სექტორებში, სადაც დეფიციტი არის შრომითი რესურსის, გვქონდეს სისტემურად შრომითი რესურსის შემოყვანის საშუალება და სადაც ჭარბი არის მიწოდება, იქ დაცული იყოს შრომითი ბაზარი. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ შრომით რესურსს ჰქონდეს უპირატესობა იმიტომ, რომ ზედმეტი კონკურენცია არ გვჭირდება”,- ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ შესულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საბოლოო მიზანია, რომ იმ სექტორებისთვის, სადაც ადგილობრივი შრომითი რესურსის დეფიციტია მოხდეს კადრების გადამზადება.
„საბოლოო ჯამში მნიშვნელობა აქვს ასეთ სისტემურ მიდგომას იმიტომ, რომ ჩვენ ზუსტად გვეცოდინება დეფიციტური მიმართულებები. შევეცდებით, რომ ამ მიმართულებებზე გადავამზადოთ საკუთარი შრომითი რესურსი და საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა, რომ საკუთარი შრომითი რესურსით ჩავანაცვლოთ ის დეფიციტური სამუშაო ადგილები“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.