ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს ფრანგი მეცნიერის, ქართული წერილობითი კულტურის დიდი გულშემატკივრის – შარლ რენუს გარდაცვალების გამო
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ფრანგი მეცნიერი, აღმოსავლური ქრისტიანული მწერლობისა და ღვთისმსახურების მკვლევარი, ქართული წერილობითი კულტურის დიდი გულშემატკივარი შარლ რენუ – ბენედიქტელი ბერი მამა ათანასე (Charles Renoux).
„ბატონმა შარლ რენუმ საკუთარი სამეცნიერო საქმიანობის 30 წელი მიუძღვნა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობას, ქართულ ენაზე დაცული VII-VIII სს-ის ჰიმნოგრაფიული კრებულის – უძველესი იადგარის შესწავლასა და ფრანგულ ენაზე თარგმნას, რითაც ხელი შეუწყო ქართული წერილობითი კულტურის ზოგადქრისტიანული მნიშვნელობის პოპულარიზაციას.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ემშვიდობება დიდ მეცნიერს და პატივს მიაგებს მის ხსოვნას.
აქვე ვაქვეყნებთ წმინდა ბენედიქტეს სააბატოს გამოსათხოვარ სიტყვებს:
„ახლა კი, უზენაესო მეუფეო, შეგიძლია მშვიდობით გაუშვა შენი მონა, შენი სიტყვისამებრ“. (ლუკა 2,29).
თითქმის 101 წლის ასაკში ჩვენი ვანდეელი უხუცესი შეუერთდა აღდგომილ ქრისტეს, რომლისაც ღრმად სწამდა და რომლის რწმენასაც გადამდები ენთუზიაზმით გამოხატავდა. მისი ცხოვრების მთავარი მიმართულება სამეცნიერო საქმიანობა იყო.
თავდადებულმა მკვლევარმა თავი მიუძღვნა სომხური და ქართული ლიტურგიკული ხელნაწერების შესწავლასა და თარგმნას. იგი იყო CNRS-ის (საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის) წევრი. მან დატოვა საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო მემკვიდრეობა — დაახლოებით 300 სტატია და 30 მონოგრაფია, რომელთაგან უკანასკნელი 100 წლის ასაკში გამოაქვეყნა.
ბოლო კვირებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან გაუარესდა. კითხვისა და წერის შეუძლებლობა მისთვის, ვისთვისაც ტექსტი სუნთქვას უტოლდებოდა, მძიმე ტკივილი იყო, მით უმეტეს, რომ კვლავ ჰქონდა ახალი წიგნების დაწერის გეგმები.
ენ-კალკატის სააბატოში იგი მუდამ ემახსოვრებათ, როგორც თავისი მოწოდებისადმი ბოლომდე თავდადებული, სიცოცხლის მოყვარული, ნათელი და აღსასრულამდე ერთგული ბერი. აბსოლუტურად“! – წერია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.