კოლუმბიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
კოლუმბიაში, კუკუტადან ოკანიაში შიდა რეისის შესრულებისას, Beechcraft 1900-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ყველა დაიღუპა.
თვითმფრინავი კამილო დასას აეროპორტიდან ოკანიას მუნიციპალიტეტში მდებარე აგუას კლარასის აეროპორტისკენ მიემართებოდა. თვითმფრინავიდან ბოლო სიგნალი მთიან ტერიტორიაზე დაფიქსირდა.
თვითმფრინავი კოლუმბიის სახელმწიფო ავიაკომპანია Satena-ს ეკუთვნოდა და ჩარტერულ გადამზიდავ Searca-ს მიერ იყო იჯარით აღებული.
ბორტზე 13 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა. დაღუპულებს შორის იყვნენ კოლუმბიის წარმომადგენელთა პალატის წევრი დიოგენეს კვინტერო, კანდიდატი კარლოს სალსედო და ოკანიას მუნიციპალური საბჭოს ყოფილი წევრი ხუან დავიდ პაჩეკო და მისი მეუღლე.
„სატენას ავიახაზები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ Beechcraft-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა“, – ნათქვამია გადამზიდავის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. კომპანიამ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.
კატასტროფის მიზეზი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. კოლუმბიის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო.