ვახტანგ ცინცაძე: ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია, ფაქტობრივად, ყველა გამოწვევა, რომელიც სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქტების სექტორში ფიქსირდება

„არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებსაც სჭირდება ადეკვატური რეაგირება იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ფასების არა ერთჯერადი შემცირება, არამედ ფასების გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშეწყობა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

ვახტანგ ცინცაძემ ხაზგასმით ისაუბრა იმ გამოწვევებსა და პრობლემატიკაზე, რომლებიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, იდენტიფიცირებულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის საფუძველზე.

მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა ის მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც განხორციელდა კვლევა. მისი ინფორმაციით, პირველ რიგში, იდენტიფიცირებული იქნა ძირითადი სასურსათო პროდუქტები, შემდგომ მოხდა ამ პროდუქტების სარეალიზაციო ფასების შედარება ევროპის ქსელურ მარკეტებში არსებულ ფასებთან, მეორე მხრივ, გაანალიზდა კონკრეტული პროდუქტების საიმპორტო ფასი და მისი შედარება განხორციელდა დღგ-ს გარეშე სარეალიზაციო ფასთან მიმართებით. ვახტანგ ცინცაძემ ასევე აღნიშნა, რომ განხორციელდა კონკრეტული სადისტრიბუციო და ქსელური სუპერმარკეტების ფინანსური ანგარიშგებების ანალიზი.

„იკვეთება, რომ გარკვეული პროდუქტების კატეგორია, რომლებიც საქართველოს ქსელურ სუპერმარკეტებში იყიდება, ზოგ შემთხვევაში ორჯერ და მეტად ძვირია კონკრეტულ ევროპულ სუპერმარკეტებში არსებულ პროდუქციასთან შედარებით. ასევე აღსანიშნავია, რომ იმპორტირებული ფასის საცალო ფასთან შედარებისას ვხედავთ, რომ საცალო ფასი, ხშირ შემთხვევაში, ორჯერ და მეტადაც აღემატება კონკრეტული პროდუქციის საიმპორტო ფასს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ანალიზის საფუძველზე ასევე იკვეთება, რომ FMCG სექტორში (სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქტების სექტორი), საშუალო ფასნამატი 86 პროცენტს შეადგენს. მისი თქმით, დისტრიბუტორები იმპორტირებულ პროდუქციას ამატებენ დაახლოებით 44 პროცენტს, ხოლო უკვე გაზრდილ ფასზე, ამ 44 პროცენტით მომატებულ ფასს საცალო ქსელური მარკეტები საშუალოდ, დაახლოებით 29 პროცენტს ამატებენ, რაც, საბოლოოდ, მთლიანობაში, ჯამურად, 86 პროცენტიან ფასნამატს ქმნის.

„ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქსელური სუპერმარკეტების რაოდენობა საკმაოდ მზარდია და 100 000 ადამიანზე გაანგარიშებით, საქართველოში გაცილებით უფრო მეტი სუპერმარკეტია, ვიდრე ევროპაში – საქართველოს მაჩვენებელი არის დაახლოებით 113, როცა ევროპის საშუალო  მაჩვენებელი აღნიშნული მიმართულებით დაახლოებით 60-ს შეადგენს“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ქსელური სუპერმარკეტების განვითარება მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის წახალისებისთვის, რაც მოიცავს ინვესტიციების განხორციელებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, თუმცა, მისი განმარტებით, ქსელური მარკეტების გაფართოება კონკრეტული ქსელების შიგნით მაღაზიების რაოდენობის ზრდით ხდება, რა დროსაც, აღნიშნული მაღაზიების გახსნის ე.წ. საინვესტიციო ხარჯი ფასნამატში აისახება, რაც, საბოლოო ჯამში, გულისხმობს გაძვირებულ პროდუქციას.

„ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულია, ფაქტობრივად, ყველა გამოწვევა, რომელიც აღნიშნულ სექტორში ფიქსირდება და ეს დადასტურდა კომისიის შეხვედრების თითოეულ ეტაპზე ქსელურ სუპერმარკეტებთან, ასევე სადისტრიბუციო კომპანიებთან და ადგილობრივ მწარმოებლებთან. დღევანდელი შეხვედრაც, რომელიც შედგა ქართული პროდუქციის მწარმოებლებთან, იყო საკმაოდ კონსტრუქციული, გამოითქვა მზაობა ფასების შემცირებისა და ფასწარმოქმის პროცესის გაჯანსაღების მიმართულებით. რა თქმა უნდა, მათი მხრიდან ასევე იდენტიფიცირებული და დასმული იყო ის საკითხები, რაც აწუხებთ ქართველ მწარმოებლებს, მათ შორის, ეს შეეხება რეალიზაციის ობიექტებში შესვლას, სადაც გარკვეული მწარმოებლები ბარიერებს აწყდებიან“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები