კომპანია „ფრიქსის“ ხელმძღვანელი: ქეშბექები, დაახლოებით 20 პროცენტიდან 45 პროცენტამდეა გაზრდილი, ეს იწვევს იმას, რომ ფასები იზრდება დახლებზე – ქეშბექი არის ბრუნვაზე მიბმული გადასახადი, რომელიც ტარდება როგორც მარკეტინგული დანახარჯი
“თუ გადაიხედება ქსელების მარჟინალობა და ქსელების ოპტიმიზაცია, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ფასების დაწევა”,- ამის შესახებ კომპანია „ფრიქსის“ ხელმძღვანელმა ირაკლი ქურდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქეშბექები დაახლოებით 20 პროცენტიდან 45 პროცენტამდეა გაზრდილი, რაც დახლებზე ფასების ზრდას იწვევს.
„საცალო ფასების ასეთი ზრდა განპირობებულია კომერციული პირობების ზრდით, რაც გამოწვეულია ქსელების მხრიდან მოთხოვნილი გაზრდილი კომერციული პირობების გამო. ანუ, დღეს სად არსებობს რესურსი ფასების კლების. შემიძლია გითხრათ, პირველ რიგში უნდა გადაიხედოს ქსელების მარჟები და მათი მომგებიანობა, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაორმაგებულია. შესაბამისად, მწარმოებლებმა მაქსიმალური ოპტიმიზაცია უკვე გავაკეთეთ, როგორც დისტრიბუტორებმა და ამიტომ, საცალო ქსელის ჯერია, რომ გადახედონ მათ საოპერაციო მოგებას, საოპერაციო ხარჯებს, რაც ფასების კლებას გამოიწვევს.
მათი ქეშბექები დაახლოებით 20 პროცენტიდან 45 პროცენტამდეა გაზრდილი. შესაბამისად, ეს იწვევს იმას, რომ ფასები იზრდება დახლებზე. ქეშბექი არის ბრუნვაზე მიბმული გადასახადი, რომელიც ამ შემთხვევაში ტარდება როგორც მარკეტინგული დანახარჯი. შესაბამისად, ეს უნდა გადაიხედოს.
ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ თვითღირებულების გაიაფებას, რომ მომხმარებლის ფასი არ გაგვეზარდა, თუმცა შეუძლებელია ამ კომერციულ პირობებში ფასების შენარჩუნება. თუ გადაიხედება ქსელების მარჟინალობა და ქსელების ოპტიმიზაცია, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ფასების დაწევა“, – აღნიშნა ქურდაძემ.