„მიხას სახელმა გაუძლო სასტიკ დროს“ – მიხა ხელაშვილის ახალი სიცოცხლე
2026 წლის 25 იანვარს პოეტის, საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის ხსოვნის ღონისძიება „მიხაობა“ გაიმართა ფშავში, სოფელ ჩარგალში. ამასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს მიხა ხელაშვილზე გამოცემული წიგნის ავტორი – ვანო ბერიძიაშვილი.
„მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა“…
გალაკტიონი
„მიხა ხელაშვილი დღეს ყველამ იცის საქართველოში, მაგრამ იყო დრო მის შესახებ მხოლოდ მიხას მშობლიურ კუთხეში ფშავში იცოდნენ, და ნაწილობრივ მეზობელ კუთხეებშიც, რადგან თითქმის 100 წლის განმავლობაში მის სახელს ტაბუ ედო, როგორც არაერთი პატრიოტი ქართველის სახელს, რომელთაც სამშობლოს თავისუფლებას შესწირეს თავი საბჭოთა იმპერიასთან ბრძოლაში. მიხას სახელმა გაუძლო სასტიკ დროს და წყვდიადის დამანგრეველ ნაპერწკალივით ხელახლა აენთო და ახალი სიცოცხლე დაიწყო. საქართველომ დაიბრუნა მებრძოლი პოეტი, რომელიც მარტო ლექსით კი არა, იარაღით იბრძვის საქართველოს მტრების წინააღმდეგ და უყოყმანოდ სწირავს სიცოცხლეს, ამიტომაა რომ ის სახელოვანი წინაპრების გვერდით დგას და კაი ყმის შარავანდედი მოსავს,
საოცარი იყო მიხა ხელაშვილის ცხოვრება, მისი ოცდახუთწლიანი სიცოცხლე მითიური გმირივით სავსეა ბრძოლით, ვაჟკაცური, გაბედული, შეუდრეკელი მოქმედებით, თან სიყვარულით, პოეზიით გაჯერებული. ერთხელ მოკლული, მაგრამ კვლავ აღმდგარი, ახალი სიცოცხლით დაბრუნებული და ვალმოხდილი დგას შთამომავლობის წინაშე. მან ოცდახუთ წელიწადში იმდენი მოასწრო, იმდენი რამ შეემთხვა, რომ ათ ადამიანსაც კი ეყოფოდა მდიდარ თავგადასავლად.
მიუხედავად ასეთი ტრაგიკული ცხოვრებისა, ის მაინც ბედნიერი ადამიანია, რომ დროის ყოვლის დამვიწყებელ ულმობლობას გადაურჩა. გადაურჩა პოეზიის წყალობით, რადგან სამშობლოსათვის თავის გაწირვა ბევრს შეუძლია, მაგრამ მიხა ხელაშვილის პოეზიის დარი შემოქმედების დატოვება ძალიან ცოტას შეუძლია. გალაკტიონი როცა ამბობს: „მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდაო“, – სრული ჭეშმარიტებაა. მართლაც უმოწყალოა დავიწყების ცელი, ის ყველაფერს შეუბრალებლად გათიბავს, პოეზიასთან კი ჩლუნგდება და ვერაფერს აკლებს. სწორედ პოეზია ასაზრდოებს მიხას არ დავიწყებასაც. ამით არის განუმეორებელი, მისი პოეზია ამის თვალსაჩინო მაგალითია და ღირს მასზე განზოგადებული საუბარი.
მინდა ჩვენ მიერ შედგენილი მიხა ხელაშვილის წიგნის ჩემივე ვრცელი წინასიტყვაობიდან პოეზიის ჩემეული დახასიათება შემოგთავაზოთ, რომელიც მიხას ლექსების გააზრებისას გამიჩნდა:
„მიხას ლექსები წიგნებად გამოცემამდეც პოპულარული იყო ხალხში, განსაკუთრებით „ლექსო ამოგთქომ ოხერო“! რომელიც დიდი ხანია ქართული პოეზიის განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჭეშმარიტი ლექსი თავად იმკვიდრებს კუთვნილ ადგილს ერის ცხოვრებაში. პოეზია ხომ ერის სულის ნაწილია, ლექსის ცოცხალ, მატერიალურ სხეულში ჩასახლებული წამის მარადისობად მქცეველი ფენომენი. ლექსის ავტორს შემოქმედის მისია აკისრია: მან უნდა შექმნას ახალი სამყარო, არსებულზე უფრო რეალური და დამაჯერებელი. პოეტი ლექსს თითქოს არარაიდან ქმნის – „ამოთქვამს“ და ათასების სულიერ საზრდოდ აქცევს. საბედნიეროდ, რაც მეტი ეზიარება, მით მეტად გაიზრდება მისი ძალა, მნიშვნელობა, გავლენა და, იქნება ასე, დიდი სინათლის, სიკეთის, სიყვარულის, სინანულის, სევდის, გმირობის, თავგანწირვის, ზნეობის დამტევი. ,,ლექსო, ამოგთქომ“…, ალბათ ყველაზე სწორი განსაზღვრებაა ლექსის შეთხვზისა. პოეტმა კი არ უნდა „თქვას” ან „დაწეროს” ლექსი, არამედ ,,ამოთქვას”. სულის ძალამ უნდა ამოაფრქვიოს, როგორც ტკივილიანი ოხვრა, როგორც რაღაც მოულოდნელის გამო გაკვირვების, გაოცების, ელდის, ახლად აღმოჩენილის მძაფრი განცდა. ლექსი ისეთივე ძლიერი, უეცარი და მოულოდნელი გრძნობის გამომწვევი უნდა იყოს, როგორც სიყვარული ან როგორც ახალი სიცოცხლის დაბადება. ლექსის მადლიც ხომ ისაა, რომ ის თითქმის არამიწიერია, ადამიანთა დადგენილ წესებს არ ემორჩილება, მაგრამ, ამავე დროს, უაღრესად კანონზომიერი, რეალური და მიწიერია… რადგან შემოქმედის სულისა და სისხლის ნაწილია… რადგან პოეზია და პოეტი ერთი მთლიანობაა! რადგან არავინაა პოეტზე დიდი წინასწარმეტყველი, დამრიგებელი და მოძღვარი! პოეტზე დიდი პატრიოტი ჯერ არ დაბადებულა, რადგან მისი პატრიოტიზმი ერთი ჟამის და თაობისა კი არაა, – მარადიულია, – ათი და ოცი საუკუნის შემდეგაც ისეთივე მგზნებარეა, როგორც დაბადებისას…
არავინაა პოეტზე დიდი სიყვარულის განმცდელი და მატარებელი. მას უყვარს და მისგან უყვარს მრავალ თაობას; პოეტს მაშინაც უყვარს, როცა სიყვარულის ობიექტი არ არსებობს. ის თავად ქმნის მას და საყოველთაო სიყვარულის საგნად აქცევს… არავინაა პოეტზე ბედნიერი, მასში ათასების ბედნიერება თავსდება… არავინ არის პოეტზე დიდსულოვანი, სათნო, მრისხანე, დაუმორჩილებელი, გამბედავი, სხვათა მესაიდუმლე, ნაზი, სათუთი, თანამდგომი და თანამლმობი. ისაა ღვთის ნების მატარებელი… ღვთის ძალით აღჭურვილი თავის თავშივე რომ ინახავს, იკრებს, აგროვებს ყოველივეს, რისგანაც ადამიანია შექმნილი. იგია ღვთის სულის სიტყვით გამომთქმელი, ხორცში დროებით ჩასახლებული. არავინაა პოეტზე ღრმა და სამუდამო კვალის გამვლები, რადგან კაცობრიობის ცხოვრების მანძილზე, დროსა და სივრცეში ყოველივე იცვლება, პოეზია კი იგივე რჩება, როგორც ღვთიური ნება, სიყვარული, არსი სიკეთისა და მადლისა“…