“დანიშნული ევრობიუროკრატები აბსოლუტურად სცდებიან ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებს, ყველაფერს მიაქანებენ სერიოზული ცივილიზაციური უფსკრულისკენ” – თორნიკე ჭეიშვილი
“მისასალმებელია ის გარემოება, რომ დღეს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, თავად პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად ანალოგიურ შეფასებებს აძლევენ ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, საუბრობენ იმ კრიზისზე, რომელზეც უკვე არაერთი წელია, ვლაპარაკობთ”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თავად ევროკავშირში უკვე სახელმწიფოთა მეთაურები საუბრობენ იმაზე, რომ “ასე გაგრძელება აღარ შეიძლება”.
“რეალურად, ის ფაქტორი, როდესაც დანიშნული ევრობიუროკრატები აბსოლუტურად სცდებიან ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებს, მიაქანებენ ყველაფერს სერიოზული ცივილიზაციური უფსკრულისკენ, როდესაც გაუფერულდა ევროპული ღირებულებები, რომლებზეც ასე ბევრს ვსაუბრობთ, საბოლოოდ, არის იმის წინაპირობა, რომ ადრე თუ გვიან ევროკავშირმაც უნდა გადახედოს თავის პოლიტიკურ კურსს, თავის მიზნებს და თავის ადგილს თანამედროვე მსოფლიო წესრიგში“, – განაცხადა ჭეიშვილმა.