თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის განახლებული სივრცე ოფიციალურად გაიხსნა
ქალაქ თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის განახლებული სივრცე ოფიციალურად გაიხსნა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა ახლად რეაბილიტირებული მუზეუმი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, ილია ჯალაღანიასთან ერთად გახსნა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1965-1966 წლებში დაარსდა და დღეს რეაბილიტირებული მუზეუმის გახსნა, მისი დაარსებიდან 60 წლის იუბილეს ემთხვევა.
“წლების განმავლობაში მუზეუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საგანმანათლებლო და შემეცნებითი საქმიანობის მიმართულებით, თუმცა დროთა განმავლობაში შენობა და ინფრასტრუქტურა საჭიროებდა განახლებას. სწორედ ამ მიზნით განხორციელდა მუზეუმის რეაბილიტაცია, მუზეუმის რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა შენობა, ჩატარდა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც მოიცავდა ადმინისტრაციული ოთახების კეთილმოწყობას, ცენტრალური გათბობის დამონტაჟებას, ფონდსაცავისა და დამხმარე სივრცეების, საკონფერენციო დარბაზის რეაბილიტაციას. მოეწყო თანამედროვე საგამოფენო სივრცეები, გაუმჯობესდა ექსპონატების დაცვისა და შენახვის პირობები.
რეაბილიტაციის შედეგად, მივიღეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი, გახსნის შემდგომ მნიშვნელოვნად გაიზრდება მისი მიმზიდველობა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და ახალგაზრდებისთვის, ისე ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის. განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის უფრო ეფექტურად წარმოჩენასა და თეთრიწყაროს ისტორიის პოპულარიზაციას.
თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გახსნას საქართველოს პარლამენტის წევრები, დავით შერაზადიშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, – წერია ინფორმაციაში.

