რუსთავში საახალწლო კონცერტი გაიმათა
რუსთავში, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ ,,შემოქმედებითი საქართველოს” მხარდაჭერით, მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
საახალწლო სცენიდან რუსთაველებისთვის ჯგუფმა,,ირიაომ”, სოფო ხალვაშმა, ანი კეკუამ, აჩიკო ნიჟარაძემ, ნუცა ქირიამ, დათუნა სირბილაძემ, აჩიკო ცანკაშვილმა, ნეკა სებისკვერაძემ, გიორგი სუხიტაშვილმა და ჯგუფმა,,რეგიონმა” იმღერეს.
საშობაო სოფელში მისული პატარებს ზღაპრის გმირები დახვდათ, თოვლის ბაბუამ კი მათ საჩუქრები დაურიგა.
,,რუსთავისთვის მთელი წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა სხვადასხვა პროექტების განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. დღევანდელი საახალწლო ღონისძიებაც სწორედ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ჩატარდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ყველას მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და ჩვენს ქვეყანას ვუსურვო მშვიდობა, განვითარება და წინსვლა”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მთავარ ნაძვის ხესთან, საშობაო სოფელში საახალწლო ღონისძიებები 14 დეკემბრიდან მიმდინარეობს. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საშობაო სიმღერის ფონზე 14 დეკემბერს აინთო და საშობაო სოფელი გაიხსნა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათასობით რუსთაველს საშობაო სოფელში მოულოდნელობებით სავსე ულამაზესი სანახაობა დახვდათ. საზეიმო მეჯლისის დასრულების შემდეგ, კონცერტი ჩატარდა და დამდეგი შობა-ახალი წელი რუსთაველებს ანსამბლმა ,,ქართულმა ხმებმა” მიულოცა. 21 დეკემბერს ჩატარდა ზვიად ბოლქვაძისა და ,,რანინელების” კონცერტი. 28 დეკემბერს ჩატარდება კონცერტი რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ.
საშობაო სოფელი 7 იანვრის ჩათვლით უამრავი სანახაობით, საბავშვო ატრაქციონებით, თოვლის ბაბუით და საშობაო ტკბილეულით უმასპინძლებს რუსთაველებსა და ქალაქის სტუმრებს.