სამტრედიაში უეფას lll კატეგორიის შესაბამისი თანამედროვე საფეხბურთო სტადიონი აშენდება
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ ცენტრალური სტადიონის ტერიტორია ადგილზე დაათვალიერეს და პროექტირების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი სტადიონი გათვლილი იქნება დაახლოებით 6 000 მაყურებელზე და სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
„თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და შექმნის პირობებს ეროვნული და საერთაშორისო დონის სპორტული ღონისძიებების გამართვისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.